1742042400

მტკვრის ჩანგრეული ჯებირი

ჰედერ

ავტორი

ნატა მეშველიანი

ბოლო დღეებში ხშირად წააწყდებოდით ფოტო და ვიდეო მასალას: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჯებირისა და გზის ნაწილის ჩამოშლას რომ ასახავს. რვა აპრილს თბილისის მერიამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: იუწყებიან, რომ ჯებირზე ბზარის გაჩენისთანავე მათ მყისიერი რეაგირება მოახდინეს, ბოდიშს გვიხდიან დისკომფორტისთვის და აცხადებენ, რომ კვლევები და სამუშაოები ამ ადგილას უკვე დაიწყო. გზის ნაწილი კოსმონავტების სანაპიროზე გადაკეტილია, ადგილზე ინფრასტრუქტურის აღსადგენი ტექნიკაა მობილიზებული.

თუ გავრცელებულ აზრს დავუჯერებთ, ეს ინციდენტი ჯებირების სიძველემ გამოიწვია, რაც ნაწილობრივ მართალიცაა, მაგრამ საჭიროა, ამ ამბავს დეტალებში ჩავუღრმავდეთ: ამისთვის კი ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური დასკვნა გამოვიყენოთ:

თბილისის მერიის ოფიციალური წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ მტკვრის ჯებირის დაზიანება 2025 წლის 1-ელ აპრილს დაფიქსირდა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ გარემოს ეროვნულ სააგენტოს აცნობეს. ამ მიმართვის საფუძველზე, 3 აპრილს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადდა საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც გვიყვებიან, რომ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რესტორან ბულაჩაურისა და რესტორან გაგრას მოპირდაპირედ 50-მეტრიან მონაკვეთზე ადგილი აქვს როგორც საყრდენი კედლის, ისე გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლისა და ტროტუარის დეფორმაციას.

ფოტო: BMG

სპეციალისტების მოსაზრებით, მონაკვეთზე არსებული მდგომარეობა გამოწვეულია მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინფილტრაციით გრუნტში, პერიოდულად მათი ზღვრული გადატენიანებისა და შემდგომი გამოშრობის პირობებში გრუნტის ჯდენითი რეაქტივაციით და კიდევ რამდენიმე ისეთი რთული ტერმინით, სპეციალისტების გარდა ვერავინ რომ ვერ გაიგებს.

მარტივად გეტყვით: მონაკვეთის არასტაბილური მდგომარეობა რამდენიმე ბუნებრივი ფაქტორით არის გამოწვეული: წყალი ნელ-ნელა აღწევს ნიადაგში, პერიოდულად ის ძალიან ნოტიო ხდება, შემდეგ კი გამოშრება ხოლმე, ამ პროცესის განმეორება კი, როგორც ჩანს, ასუსტებს ნიადაგს. დასკვნის მიხედვით, ამ პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს უკვე მობილიზებული (წარსულში მოძრავი) გრუნტის ხელახლა ამოძრავება. ამასთან ერთად, მდინარე მტკვარი ნაკვეთის ფერდობს ქვემოდან გამუდმებით „ქაჩავს“, ანუ ნელ-ნელა ცვეთს. დოკუმენტის მიხედვით, ფერდობი შედგება დასუსტებული და დაზიანებული ქანებისგან, რაც მას მეტად არასტაბილურს ხდის. ზემოდან კი ამ ქანებს ფარავს ალუვიური (მდინარეების მიერ დაგროვებული) ფხვიერი მასალა, რომელიც იოლად ატარებს წყალს.

ფოტო: BPN

მოკლედ, მონაკვეთი დიდი ხანია რისკის შემცველია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს გზატკეცილზე ვსაუბრობთ და იმასაც, რომ ადგილობრივების თქმით, ეს ბზარი რამდენიმე კვირის წინ შეამჩნიეს, დახმარება კი არავინ აღმოუჩინათ, მივხვდებით, რამდენად რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.

გარდა იმისა, რომ მერიის კვლევით, ნაპრალის გაჩენის გეოლოგიური ახსნა-განმარტება გავიგეთ, სწორი იქნებოდა აქცენტი გაგვეკეთებინა ამ ნაპრალის შემოგარენზე — კერძოდ, მაღალსართულიან კორპუსებზე, ამ წუთებში რომ შენდება კოსმონავტების სანაპიროზე. კომპლექსში ათი კორპუსი შედის, რომელთა სიმაღლეც 20-25 სართულამდე ადის. ჯდება თუ არა მსგავსი სიმაღლის შენობები ასეთ მყიფე ადგილას, უსაფრთხოების ნორმებში? შეიძლება, რომ სანაპიროზე მსგავსი ტიპის მშენებლობები მიმდინარეობდეს? ამის შესახებ პროფესიული აზრი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილ მინისტრს, „მწვანეების“ წევრს, ნინო ჩხობაძეს ვკითხეთ. „დაახლოებით 30-40 წელია, ეს სანაპირო არსებობს, მსგავსი ტიპის ნაპრალს კი პროვოცირება დასჭირდებოდა“. რესპონდენტი გვეუბნება, რომ რაღაცას აუცილებლად უნდა შეესრულებინა თრიგერის როლი, დიდი საძირკვლის ამოთხრას გეოლოგიური რისკებით სავსე სანაპიროზე კი შეიძლებოდა ფენების დაძვრა გამოეწვია. ასევე, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მტკვრის სანაპირო მეტად მყიფეა, ხოლო მისი ჯებირი რაღაც კონკრეტულ დაწოლაზეა გათვლილი, მეტი წონა კი, რა თქმა უნდა, პრობლემებს გამოიწვევდა. ნინო ჩხობაძე რისკებზე საუბრობს, გვიყვება, რომ წინა წლებში მომხდარი მცირე მიწისძვრების, მეწყერისკენ მიდრეკილი ნიადაგის ფონზე, მთლიანი ფერდი უნდა გადამოწმდეს.

ფოტო: ნეტგაზეთი

თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კოსმონავტების სანაპიროს მხოლოდ კონკრეტული მონაკვეთია გადაკეტილი, სამუშაოები ლოკალურად მიმდინარეობს. კვლავ ველოდებით მომდევნო განცხადებებს, თუმცა ფაქტია, სანაპირო, სადაც დღის განმავლობაში ასობით მანქანა მოძრაობს, რისკის ქვეშაა. კორპუსები, სადაც ათასობით ადამიანი ცხოვრობს არამყარ ნიადაგზე შენდება.

ბოლოს იმას გეტყვით, რომ როგორც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის სპეციალისტები ირწმუნებიან, კოსმონავტების სანაპიროზე დეფორმაციები პროგრესირებას განაგრძობს. ანუ, გამოსავალი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

მსგავსი სიახლეები

მტკვარი ძველ თბილისში

მტკვარი ძველ თბილისში

1730802878

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები