1745427300

ის, რაც ყველა მილიარდერს აქვს

ჰედერ

ავტორი

ბაკურ გაბუნია

ადამიანს გლობალური კატასტროფის ბევრი სცენარი წარმოუდგენია და, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მუდმივად ღვივდებოდა სამუდამო გაქრობის შიში. აპოკალიფსის სხვადასხვაგვარ სურათს ვხატავთ, კონკრეტულ თარიღებსაც კი ვაწესებთ სამყაროს მოსალოდნელი განადგურების შესახებ. და რა მოხდება, თუ ხვალ სამყარო მართლა შეიცვლება? ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და უბრალო მოქალაქეებსაც კი. თუმცა თანამედროვეობაში სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ადამიანები რეალურად ემზადებიან მსგავსი შემთხვევებისთვის — კერძოდ, აქტიურად აშენებენ მიწისქვეშა ბუნკერებს.

ახალი რეალობის თავშესაფრები — რა პრინციპით აგებენ ბუნკერებს?

ალბათ, ბევრისთვის სიტყვა „ბუნკერი“ მიწისქვეშა ჯართის გროვასთან ასოცირდება, სადაც ყველაფერი ძველი, გაფუჭებული და ჭუჭყიანია. თუმცა თანამედროვე მოცემულობამ ეს აღქმა რადიკალურად შეცვალა — დღეისათვის ბუნკერი არ არის მტვრიანი სარდაფი ან ლითონის კარის მქონე თავშესაფარი, რომლის მთავარი ფუნქციაც ბომბდამშენებისგან ან ქარიშხლებისგან დროებითი დაცვა იყო. პირიქით, ისინი სრულად გარდაიქმნა დახვეწილ, დამოუკიდებელ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ და ფუფუნებით სავსე სივრცეებად, რომლებიც გათვლილია იმაზე, რომ ადამიანმა იქ იცხოვროს არა მხოლოდ რამდენიმე დღით, არამედ კვირებით, თვეებით ან თუნდაც წლების განმავლობაში — გარესამყაროსგან აბსოლუტურად მოწყვეტილად.

ბუნკერის აშენებისას პირველი და ძირითადი საკითხი არქიტექტურულ სტრუქტურასა და უსაფრთხოებას ეხება. კერძოდ, მათ მიწის ქვეშ ღრმად აგებენ, ხშირად კლდოვან ფენებშიც კი, რაც გამძლეობასა და ფარულობას უზრუნველყოფს. ამასთან, კედლები მზადდება მტკიცე ბეტონისგან, რომელიც დამატებით ფოლადითაა გამაგრებული. ბუნკერის შესასვლელი კი იმართება ბიომეტრიული სკანერებით ან მრავალსაფეხურიანი დაშვების სისტემებით — კოდები, თითის ანაბეჭდები, სახის ამოცნობა. რაც მთავარია, თავად ბუნკერი ისეა გამაგრებული, რომ უძლებს ატომურ აფეთქებას, მიწისძვრას, გარე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსა და ა. შ.

გადარჩენისთვის აუცილებელია ჰაერის, წყლისა და ენერგიის სისტემები. შესაბამისად, ბუნკერებში ჰაერის ფილტრაციის ტექნოლოგიები ისეა მოწყობილი, როგორც სამხედრო ბაზებზე ან კოსმოსურ სადგურებში — მსგავს სისტემებს შეუძლია, შეაჩეროს მავნე ბიოლოგიური ან ქიმიური ნივთიერებები, რადიაცია და მიკრობული ნაწილაკები. სუფთა წყლის მისაღებად კი ან მიწისქვეშა წყლების გადამუშავების მეთოდს მიმართავენ ან უზარმაზარ რეზერვუარებს იყენებენ. რაც შეეხება ენერგიას, ის მზის პანელების, გენერატორების ან სპეციალური ბატარეების მეშვეობით მიიღება. ამის წყალობით ბუნკერი სრულიად ავტონომიური ხდება და არ არის გარე ენერგოწყაროზე დამოკიდებული.

ბუნკერის შიდა დაგეგმარება

ბუნკერებში ხშირად აშენებენ მცირე სათბურებს — ჰიდროპონიკურ ან აეროპონიკურ სისტემებს, რომლებიც მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, მწვანილი, ბოსტნეული და ხილი ბუნებრივად მოიყვანონ. რაც შეეხება დანარჩენ საკვებს, თითოეული მათგანი ისეა შერჩეული, რომ მინიმუმ 20 წლის ვარგისიანობა ჰქონდეს.

ბუნკერებში ჩაშენებულია სამედიცინო პუნქტები და განთავსებულია შესაბამისი პროფესიული აღჭურვილობა — დაწყებული სადეზინფექციო სისტემებით, სარეანიმაციო აპარატურით დამთავრებული. ადამიანს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც სჭირდება, მით უფრო, როდესაც ის ხანგრძლივ იზოლაციაშია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ბუნკერებში გვხვდება გასართობი სივრცეებიც — კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, აუზები, სავარჯიშო დარბაზები და სათამაშო ზონები ბავშვებისთვის. ხშირად მათი ინტერიერი ილუზორულად იმეორებს გარე სამყაროს ატმოსფეროს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მართვისა და ტექნოლოგიის ერთიანობა. ბუნკერები აღჭურვილია ჭკვიანი პანელებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ტემპერატურის, შუქის, ჟანგბადის დონისა და წყლის მოხმარების კონტროლი. პანელს ხშირად აქვს ხმოვანი მართვის ფუნქციაც, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს, მხოლოდ სიტყვებით მართოს ბუნკერის შიდა სისტემები. ხშირად ინტეგრირებულია გარე სამყაროსთან მინიმალური კომუნიკაციაც — სატელიტური ინტერნეტი ან რადიოკავშირი, რაც ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს მაშინაც კი, როცა ყველა ძირითადი ქსელი გამოსულია მწყობრიდან.

ამგვარად, თანამედროვე ბუნკერი არ არის უბრალო თავშესაფარი — ის არის იზოლირებული სამყარო, რომელიც მფლობელს უსაფრთხოებასთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრების საშუალებასაც აძლევს. ამასთანავე, თითოეული ბუნკერი მფლობელის სურვილებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობით უნიკალურ ხასიათს იძენს — ზოგიერთი მას მართავს, როგორც მობილურ ლაბორატორიას, ზოგიც კი — როგორც მიწისქვეშა ვილას.

რეალური მაგალითები

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ბუნკერი ფუნქციონირებს, რომლებიც ან სახელმწიფოს ან კერძო პირის მიერაა აშენებული. თუმცა ბოლო ათწლეულებში მათი რაოდენობა და ტექნოლოგიური დახვეწილობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გლობალური საფრთხეები (პანდემიები, კლიმატური ცვლილებები, ბირთვული დაძაბულობა) სულ უფრო რეალური გახდა.

შვეიცარია

შვეიცარია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ცნობილია თავისი მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურით, რაც სამხედრო სტრატეგიის შემადგენელ ნაწილთან ერთად, სამოქალაქო თავდაცვის კულტურის გამოხატულებაცაა. ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როდესაც ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, თავდაცვის სტრატეგია ალპების ბუნებრივ ბარიერებზე დაეფუძნებინა. ამ მიზნით შეიქმნა ალპებში განლაგებული ბუნკერებისა და ფორტიფიკაციების ქსელი, რომელიც ომის შემთხვევაში მთავრობისა და სამხედრო ძალების უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1963 წელს შვეიცარიაში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ყოველი ახალი საცხოვრებელი შენობა უნდა აღჭურვილიყო ისეთი ბუნკერით, რომელიც ბირთვულ აფეთქებას გაუძლებდა. ამჟამად ქვეყანაში, დაახლოებით, 370 000 მსგავსი ობიექტი არსებობს, რაც საკმარისია 9 მილიონი ადამიანის დასაცავად.

Oppidum — მიწისქვეშა ციხესიმაგრე საფრანგეთში

ლუქს კლასის ბუნკერებს შორის Oppidum ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტია მსოფლიოში. ის საფრანგეთში მდებარეობს და მასზე მხოლოდ მინიმალური ინფორმაციაა საჯაროდ ხელმისაწვდომი — კერძოდ, ობიექტი 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, აქვს შიდა ბაღები, ხელოვნური განათება, საკუთარი წყლისა და ჟანგბადის სისტემა და სასოფლო-სამეურნეო სივრცე. სავარაუდოდ, ეს ბუნკერი განკუთვნილია მილიარდერების ან მთავრობის წევრების თავშესაფრად.

Survival Condo Project — კანზასი, აშშ

ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძო ბუნკერია „Survival Condo“, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ბინები, საერთო ფიტნესდარბაზი, სამედიცინო ცენტრი, საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, სამზარეულო, სუპერმარკეტი და იარაღის საცავი.

Atlas Survival Shelters — კომერციული ბუნკერები მთელ მსოფლიოში

ამერიკულმა კომპანიამ — Atlas Survival Shelters — ინდივიდუალური დამკვეთებისთვის უკვე ათასობით ბუნკერი ააშენა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, შუა აზიასა და ახალ ზელანდიაში. მათი ბუნკერები მრავალფეროვანია და აგებენ როგორც პატარა, ერთოთახიან საცხოვრებლებს, ასევე მიწისქვეშა სამსართულიან ლუქს-აპარტამენტებს.

New Zealand Private Bunkers — ელიტარული თავშესაფრები მილიონერებისთვის

ახალი ზელანდია, ბოლო წლებში, ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ „კატასტროფის შემდეგ გადარჩენის“ შესაძლებლობას. ამისთვის კი ახალი ზელანდიის სტაბილური პოლიტიკა, ბუნებრივი რესურსები და გეოგრაფიული იზოლაცია იდეალურ პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Rising S Company და Vivos უკვე წლებია აქ მილიარდერი დამკვეთებისთვის უზარმაზარ ბუნკერებს აშენებენ.

მილიარდერების კერძო ბუნკერები

მილიარდერული ელიტის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აშენებენ თავშესაფრებს. მათგან ბევრი ბუნკერის ფლობას არ ადასტურებს, თუმცა სხვადასხვა წყაროსა და ჟურნალისტურ გამოძიებებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვყოთ ის ადამიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე ფლობენ მსგავს ობიექტებს.

პიტერ ტილი

ცნობილი მეწარმე, ინვესტორი და PayPal-ის თანადამფუძნებელი ერთ-ერთი პირველი იყო ტექნოლოგიურ ელიტაში, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ბუნკერის კონცეფციის მიმართ. ის ბუნკერს განიხილავს არა როგორც პანიკის გამოხატულებას, არამედ როგორც გონივრულ, სტრატეგიულ ნაბიჯს გლობალური გაურკვევლობის პირობებში.

მან თავის განცხადებებსა და ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ, ციფრული ერის პროგრესთან ერთად, გლობალური სისტემები გაცილებით მყიფე გახდა. მისი აზრით, თანამედროვე საზოგადოება ზედმეტად არის დამოკიდებული ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შესაძლოა, მოულოდნელად ჩამოიშალოს. ბუნკერი კი არის ფიზიკური პასუხი იმ სისტემური რისკებისადმი, რომელთა შესახებაც მას სიღრმისეული ცოდნა გააჩნია.

ამგვარი აღქმის გათვალისწინებით, პიტერ ტილიმ ახალ ზელანდიაში მიწის ნაკვეთი შეიძინა და შვიდსართულიანი ბუნკერი ააშენა. ზოგადად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ახალი ზელანდია აღიქმება, როგორც ერთ-ერთი დაცული ადგილი დედამიწაზე, რომელიც გლობალურ ქაოსს გადაურჩება.

სტივ ჰაფმანი

Reddit-ის თანადამფუძნებელი ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად აღიარებს, რომ ის ეკუთვნის ე. წ. Prepper-ების საზოგადოებას — ანუ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გლობალური კატასტროფისთვის. ჰაფმანს აშშ-ში საკუთარი ბუნკერი აქვს, რომელსაც მუდმივად ამარაგებს საკვებით, ტექნიკითა და იარაღითაც კი.

რეიდ ჰოფმანი

LinkedIn-ის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიურ მილიარდერს უკვე აქვს გადარჩენის სტრატეგია. მისივე თქმით, „თუ შენ სილიკონ ველიზე ხარ და არ გაქვს ბუნკერი ან უსაფრთხოების გეგმა, სხვები უკვე გაკვირვებულები გიყურებენ“. ჰოფმანისთვის ბუნკერები იქცა ელიტური კულტურის ნაწილად, რომელიც შიშს კი არა, მომავლისადმი აქტიურ მზადყოფნას გამოხატავს.

ლარი ჰოლი — კომერციული ბუნკერების შემქმნელი

ლარი ჰოლი თავად არ არის მილიარდერი, მაგრამ მან განავითარა Survival Condo Project, რაც მოიცავს ძველი ბალისტიკური რაკეტების სადგურების გადაკეთებას მდიდრულ საცხოვრებელ ბუნკერებად. დამკვეთების გრძელ სიაში უამრავი მილიონერი და მილიარდერი ფიგურირებს. ჰოლის სიტყვებით, ყველაზე პოპულარული მოთხოვნებია ფუფუნება და ფსიქოლოგიური სიმშვიდე. ეს ადამიანები — ტექნოლოგიური ნოვატორები, ინფლუენსერები და მილიარდერები — ბუნკერებს ახალი თაობის ცხოვრების სტილად აღიქვამენ.

ამ ადამიანებს სჯერათ, რომ მათ აერთიანებთ არა შიში, არამედ პროგნოზირების უნარი, წინდახედულობა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან თუ ოჯახთან მიმართებით. ამასთანავე, მილიარდერებისთვის ბუნკერები არის ძალის, კონტროლის, უსაფრთხო მომავლის სიმბოლო და, შეიძლება ითქვას, ის მათთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

თბილისში ტრამვაი ბრუნდება?!

1743008820

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები