1745686620
ავტორი
მეკო მეტრეველი
მთაწმინდის პანთეონი მისი დაარსების დღიდან ყოველთვის მეხსიერების ადგილს, კოლექტიური იდენტობის გამომხატველ სივრცეს წარმოადგენდა, რომლის ფორმა და შინაარსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, პოლიტიკური მოვლენების მიხედვით იცვლებოდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოში აქტუალური გახდა ეროვნული იდენტობის საკითხი, რის გამოც ინტელექტუალთა წრეში პანთეონის დაარსების, როგორც ახალი კოლექტიური იდენტობის, მნიშვნელოვანი ადამიანების ხსოვნის ადგილის შექმნის იდეა გაჩნდა. მსგავსი რამ პირველად საფრანგეთში განხორციელდა, სადაც მე-18 საუკუნეში წმ. ჟენევიევას ტაძართან „დიდი ადამიანების“ უკვდავსაყოფად პანთეონი მოეწყო, რომელიც ფრანგი ხალხის მეხსიერებისა და იდენტობის სიმბოლოდ იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დიდუბის ტაძრის მიმდებარედ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სასაფლაო უკვე არსებობდა, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მეურვეობდა, ახალი პანთეონის ადგილად, მამადავითის ეკლესიის სასაფლაო შეირჩა. მისი გამორჩეული ადგილმდებარეობისა და სიწმინდის გამო, სადაც იმ პერიოდში ქართველ თუ რუს საერო და სასულიერო პირებს კრძალავდნენ. აქ განისვენებდნენ გამორჩეული ფიგურები: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი. მათ შორის იყო რუსი მწერალი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვიც, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილის, ნინო ჭავჭავაძის მეუღლე გახლდათ. ნელ-ნელა სასაფლაო „დიდი ქართველების“ სამუდამო განსასვენებლად გარდაიქმნა და ეროვნული მოტივები შეიძინა.
მართალია მე-19 საუკუნის ბოლოს პანთეონის შექმნის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ის ოფიციალურად 1929 წელს, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გაიხსნა. საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ეროვნული იდენტობის სიმბოლო რუსეთს დაუკავშირა და მისი გახსნა ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების 100 წლისთავს დაამთხვია. პანთეონი რუსეთისა და საქართველოს მეგობრობის მონუმენტად უნდა აღქმულიყო და ეს ურთიერთობა პოზიტიურად წარმოეჩინა.
მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა, მამადავითის ეკლესიასთან არსებული სასაფლაო თავის თავდაპირველ მნიშვნელობას ინარჩუნებდა და ქართველ გამორჩეულ მოღვაწეთა განსასვენებელს, ეროვნული მეხსიერების სიმბოლურ ადგილს წარმოადგენდა, თუმცა ამასთან ის ახალ საბჭოთა მნიშვნელობებსაც იძენდა და სისტემის მიზნებს ემსახურებოდა.
საბჭოეთში მონუმენტური პროპაგანდა სოცრეალიზმის იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთ ძლიერ მექანიზმად ჩამოყალიბდა. ბიუსტები, ძეგლები, ბარელიეფები, წარწერები, სასაფლაოები, ცერემონიები თუ ზეიმები პროპაგანდის იარაღად გამოიყენებოდა, რომელიც ახალი საზოგადოების, საბჭოთა რეალობის, „ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური კულტურის" შექმნას ისახავდა მიზნად. მთაწმინდის პანთეონი კი ამ გეგმის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ფორმით ეროვნულობა გულისხმობდა გამორჩეული საერო პირებისთვის განსაკუთრებული პატივის მიგებას, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ისტორიული თუ მითური პერსონაჟები ახალ იდეოლოგიას მოარგო და საზოგადოებაში ახალი გმირებიც შექმნა — რევოლუციონერი, ბოლშევიკი, სოციალისტი მუშაკები, საბჭოთა „დიდი ადამიანები“, რომელთა „ეროვნულობის“ და მოღვაწეობის ხაზგასასმელად მათი დაკრძალვის ადგილად მთაწმინდის პანთეონი შეირჩა.
1934 წელს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც მამადავითის ტერიტორიაზე არსებული საფლავები უნდა შეესწავლა, შეუსაბამო საფლავებისგან ტერიტორია გაეწმინდა და ისინი სხვა ადგილზე გადაეტანა. 1935 წელს პანთეონი უშუალოდ თბილისის საქალაქო საბჭოს დაექვემდებარა. რის შემდეგაც დიდუბიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ნეშტები მთაწმინდაზე გადმოასვენეს.
მთაწმინდის პანთეონი ირეკლავდა საბჭოთა პერიოდის ყველა მნიშვნელოვან იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ცვლილებას. სწორედ ამის მაგალითია მთაწმინდაზე ბოლშევიკთა საფლავების გაჩენა, შემდეგ კი მათი უეცარი გაქრობა.
პანთეონს მამადავითის სახელობის და ფერიცვალების ეკლესიები ორ ნაწილად ყოფს, მარცხენა მხარეს პირობითად ილიას მხარეს უწოდებდნენ, მარჯვენას — აკაკისას. 30-იან წლებამდე საფლავების უმეტესობა აკაკის მხარეს იყო განთავსებული, 30-იანი წლებიდან კი სისტემამ განსაკუთრებული ყურადღება მეორე მხარეს დაუთმო. შედეგად, ილიას საფლავის სიახლოვეს დაკრძალეს ბოლშევიკი პარტიული და სახელმწიფო მოხელეები: სიმონ ჯუღელი, სილიბისტრო თოდრია, მიხა ცხაკაია და ილიას მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ფილიპე მახარაძე, რომელსაც ადგილი თავად ერის მამის პირდაპირ მიუჩინეს.
გამოჩენილი რევოლუციონერი სიმონ ჯუღელი პირველი კომუნისტი იყო, რომელიც დიდი ზარ-ზეიმით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავეს. ცნობების თანახმად, მისი დაკრძალვა გრანდიოზულ დემონსტრაციას ჰგავდა, რაც მისი სახელის განდიდებას ემსახურებოდა. თუმცა მალევე ლავრენტი ბერიამ ჯუღელი ხალხის მტრად და მავნებლად გამოაცხადა, შესაბამისად მისი საფლავი და ძეგლი მთაწმინდის პანთეონიდან ნაჩქარევად, ერთ ღამეში აიღეს. ილიას გვერდით დაკრძალეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლი სილიბისტრო თოდრია, რომელიც „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" ხელმძღვანელი, ჟურნალ „მებრძოლი უღმერთოს" რედაქტორი და ანტირელიგიური კამპანიის მთავარი ორგანიზატორი იყო. რეპრესიების წლებში, 1937 წელს მთაწმინდის პანთეონს დაემატა სტალინის დედის, ეკატერინე (კეკე) გელაძე-ჯუღაშვილის საფლავიც, რომელიც დღემდე მთაწმინდაზე განისვენებს.
საგულისხმოა რომ მთაწმინდაზე, ილია ჭავჭავაძის გვერდით ბოლშევიკი ლიდერების დაკრძალვა პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი იყო. ხელისუფლება ილიას შეხედულებებსა და შემოქმედებას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა და მათ საკუთარ იდეოლოგიას არგებდა. ერის მამის გვერდით ბოლშევიკის დაკრძალვა მის ღირსების უსვამდა ხაზს და საზოგადოებაში პატრიოტი, ეროვნული მოღვაწის სახეს ქმნიდა.
საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, პანთეონი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, ყველა ტურისტულ მარშრუტში შედიოდა, რათა სისტემას საბჭოთა რეალობა და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა თავის სასარგებლოდ წარმოეჩინა. გზამკვლევებისა და გიდების საუბრებში ხაზი ესმებოდა ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის სიყვარულს, როგორც რუსეთ-საქართველოს მეგობრობის სიმბოლოს, პანთეონის გაცნობაც სწორედ მათი საფლავებით იწყებოდა. ასევე, საუბრებში აღინიშნებოდა რუსეთის როლი საქართველოს ფიზიკურ გადარჩენაში და საბჭოთა ხელისუფლების მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის.
მთაწმინდის პანთეონში მხოლოდ იმ პირებს კრძალავდნენ, რომლებიც საპატიო სახელმწიფო ჯილდოს ან დამსახურების აღმნიშვნელი წოდების მფლობელები იყვნენ. შესაბამისად, გამორჩეული ყურადღება ექცეოდა ხელოვანების, მწერლებისა და მეცნიერების საფლავებს, რათა ერთი მხრივ საზოგადოებაში გამტკიცებულიყო აზრი მათი „საბჭოთა მოღვაწეობის" შესახებ, მეორე მხრივ კი სისტემას ეჩვენებინა, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება ამ სფეროთა წარმომადგენლებსა და მათი სახელების უკვდავყოფაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთაწმინდის პანთეონი ზუსტად ასახავდა ქვეყანაში არსებულ მოვლენებს, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ პროცესებს. ამის დასტურია, საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ეტაპზე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებისას, 1987 წელს, ილიას დაბადების 150 წლისთავზე, მთაწმინდის პანთეონში ფილიპე მახარაძის საფლავის აფეთქება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფაქტი არ გაახმაურა და საფლავი მეორე დღესვე აღადგინა, ძლიერი აფეთქების გამო ხმები საზოგადოებაში მაინც გავრცელდა. ასევე აქტიურად დაიწყო ბოლშევიკთა საფლავების შეურაცხყოფა, ამიტომ 1989 წლის ბოლოს მთაწმინდის პანთეონიდან ცნობილი ბოლშევიკების – სილიბისტრო თოდრიას, ფილიპე მახარაძისა და მიხა ცხაკაიას ნეშტები ხუდადოვის ტყე-პარკთან არსებულ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს. მათ ადგილას კი ანა კალანდაძის და ნოდარ დუბაძის საფლავები მოეწყო. იმავე წელს მთაწმინდაზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა დაკრძალეს, რაც ახალი იდენტობის ფორმირების, ეროვნული, არასაბჭოთა მეხსიერების ადგილის შექმნის ერთგვარი დასაწყისი აღმოჩნდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მთაწმინდის პანთეონში დაასვენეს ისეთი ადამიანები, რომელთა სახელები თავისუფლებისთვის ბრძოლას უკავშირდებოდა და რომლებიც ახალი ეროვნული იდენტობისა და მეხსიერების მთავარ შემოქმედებად მიიჩნეოდნენ, მათ შორის: ექვთიმე თაყაიშვილი, ზვიად გამსახურდია, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2011 წელს პანთეონში საბჭოთა წარსულის ტრავმული მეხსიერების ადგილიც შეიქმნა და სიმბოლური საფლავ-მემორიალი გაიხსნა, რომელზე მიხეილ ჯავახიშვილის, პეტრე ოცხელის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, ალექსანდრე ახმეტელის, ვახტანგ კოტეტიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის სახელებია გამოსახული.
მთაწმინდის პანთეონი დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი მეხსიერების ადგილია საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში, რომელიც ერთი მხრივ ქართველი ხალხის ეროვნულობას, ღირებულებებს, ფასეულობებს გამოხატავს, ინახავს ტრავმულ ისტორიას, გვახსენებს წარსულს, რომლის დავიწყების უფლებაც არ გვაქვს და მეორე მხრივ გვაძლევს ორიენტირს მომავლისკენ, როგორც ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს სიმბოლო.