1736429640
ავტორი
ნინი მეტრეველი
თბილისი რომ ყოველთვის ტოლერანტული ქალაქი იყო, ამას ბევრი ისტორიული წყარო ადასტურებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის დასტურია ისიც, რომ ამ ქალაქში ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგას ქრისტიანული ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა. ზოგადად, თბილისი მრავალფეროვანი კულტურის, რელიგიისა და არქიტექტურის ერთიანობაა, თუმცა, სამივე თვალსაზრისით, განსაკუთრებული ადგილი მაინც ეკლესიებს უკავია.
დედაქალაქში დღემდეა შემორჩენილი შენობები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ოდესღაც მათ კედლებში წირვა-ლოცვები ტარდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რუსებმა ბევრი ეკლესია დაანგრიეს, ზოგს კი ფუნქცია შეუცვალეს და აბანოებად, საწარმოებად ან საცხოვრებელ სახლებად გადააკეთეს.
ურბან მედიას კონკრეტული მაგალითების შესახებ გიდი, ჟურნალისტი და ბლოგერი ზურა ბალანჩივაძე უყვება და რუსების ასეთი ქმედებების მიზეზებზეც გვესაუბრება.
„ეკლესიებისა და, ზოგადად, სასულიერო ნაგებობების ნგრევა მოჰყვა საბჭოთა რევოლუციას. ათეიზმი კომუნიზმის თანმხლები იყო და ამას ხსნიდნენ იმით, რომ მუშათა კლასს ჩაგრავდნენ არა მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები, არამედ — სასულიერო პირებიც. ეს, ცხადია, სოციალურ უსამართლობას იწვევდა. რუსეთში ქრისტიანების დევნამ განსაკუთრებული სახე მიიღო, რადგან ძლიერი რელიგიური ინსტიტუცია იყო და სწორედ ინსტიტუციას ანგრევდნენ. „ძირს მეფე! ძირს მღვდელიო“, რომ ამბობდნენ, ქრისტეს არ გულისხმობდნენ. მღვდელში იგულისხმებოდა ინსტიტუციის წარმომადგენელი. ეს იყო ტაქტიკური სვლა — ღმერთს კი არ ვებრძვით, ვებრძვით ღმერთის სახელით მოლაპარაკე გაზულუქებულ მავნებლებს. ეკლესიების ნგრევა და გადაკეთება ლენინის პერიოდში დაიწყო და, რა თქმა უნდა, ამან, საბოლოოდ გიჟური ფორმებიც მიიღო“, — გვიყვება ზურა ბალანჩივაძე.
ეკლესია, რომელიც ახლა ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩის კუთხეში დგას, 1997 წელს გაიხსნა. თუმცა, სანამ ამ სახეს მიიღებდა, შენობაში არაერთი ცვლილება შეიტანეს. როგორც ზურა ბალანჩივაძე გვიყვება, მე-19 საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს მიტაცებული ეკლესიის გამო, ბევრი ეკლესია რუსული ან რუსულ-ქართული ტრადიციული ფორმებით შენდებოდა. ამ კონკრეტულ ტაძარსაც სწორედ ასეთი, ნაზავი სტილის არქიტექტურა ჰქონდა. მოიხსენიებოდა, როგორც დიდუბის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, ჩუღურეთის ეკლესია. საბოლოო ჯამში კი ნაძალადევის ეკლესიის სახელი შერჩა. როგორც წესი, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეკლესიებს ან ანგრევდნენ ან ხურავდნენ ან ფუნქციას უცვლიდნენ ან ღვთისმსახურებას შეზღუდული ფორმით აგრძელებდნენ. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიას ფუნქცია შეუცვალეს.
„ეს ეკლესია გადააკეთეს ჯერ წინდების საქსოვ საწარმოდ, შემდეგ კი, 1927-29 წლებში — აბანოდ და აბანო იყო 80-იანი წლების ბოლომდე. 1989 წელს აბანო დაანგრიეს და დააბრუნეს ეკლესია. ძველი ეკლესიიდან ცოტა რამაა დარჩენილი. არქივში იძებნება 1928 წლით დათარიღებული ასეთი საბუთიც: „მე-11 მილიციის უფროსს გაცნობებთ, რომ ლენინის უბანში მდებარე ეკლესიის ადგილზე ვაშენებთ აბანოს, რომლისთვისაც საძირკვლის ჩაყრის გამო, საჭირო ხდება ეკლესიის ეზოში დამარხული მიცვალებულების გვამების გადატანა. ჩვენ უკვე დავიწყეთ ნებართვების გაცემა ჭირისუფლებზე. დღემდე გავეცით უფლება ექვსი მიცვალებულის გადასვენებაზე. გევალებათ, თვალყური ადევნოთ, რათა უჩვენოდ, არც ერთი მიცვალებული არ იყოს გადასვენებული და თვით გადასვენება ხდებოდეს საღამოობით, ყოველივე ხალხის შეკრების და პროცესის მოწყობის გარეშე“. ეზოში დასაფლავებულ მიცვალებულებს სხვადასხვა სასაფლაოზე ანაწილებდნენ, უპატრონო მიცვალებულებს კი წვავდნენ. საფლავის ქვები საერთოდ არ გადაჰქონდათ და სამშენებლო მასალად იყენებდნენ. შესაბამისად, გამოდის, რომ მიცვალებულები იდენტიფიცირების გარეშე გადაასვენეს“, — ამბობს ზურა ბალანჩივაძე.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს შენობა ახლა კაფე გალერის სახელითაა ცნობილი. ტაძარი მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის არმიის პენსიაზე გასული ოფიცრებისთვის ააშენეს. არქიტექტურული სტილი რუსულია. გიდი ზურა ბალანჩივაძე, ურბან მედიასთან საუბრისას, შენობასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„1923 წელს, ამ ეკლესიის წინ დადგეს ლენინის ბიუსტი. მალევე, ერთ-ერთ გაზეთში დაიწერა, რომ ლენინს აწუხებს სამრეკლოს ზარები და ფიქრში ხელს უშლის. ამიტომ საეკლესიო ზარები მოახერხეს და მოაჭრეს გუმბათი. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული დახვრეტების სერია, ამიტომ მოსახლეობაც უფრო თამამად გამოხატავდა აზრს. მაგალითად, სტალინი რომ ჩამოვიდა და ხალხს შეხვდა, ამ შეხვედრამ აყალ-მაყალით ჩაიარა, ხალხმა არ მოუსმინა. დოკუმენტებითაა დადასტურებული, რომ ვინც გააკრიტიკა, მოგვიანებით ყველა დახვრიტეს. იმ პერიოდში ხალხი უფრო თამამი იყო და, შესაბამისად, ლენინის იმ ბიუსტს, თითქმის ყოველ დღე ხან პომიდორს ესროდნენ, ხან თავზე ჩამოამხობდნენ რაღაცას. ბოლოს, ბიუსტი გადაიტანეს და ეკლესია გააუქმეს. იქ, სადაც ახლა „კაფე გალერია“ განთავსებული, ხატმწერთა სკოლა იყო, აწარმოებდნენ საეკლესიო სანთლებსაც.“
ჩაისუბნის 7 ნომერში ადრე წმინდა თომას სახელობის ეკლესია მდებარეობდა. ტაძარი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევებზე, მეოცე საუკუნის მიჯნაზე აშენდა. საბჭოთა მთავრობამ კი 20-იან წლებში გააუქმა და საცხოვრებელ სახლად გადააკეთა. ეს შენობა დღემდე შესახლებულია და თუ ფოტოს დააკვირდებით, სახურავის კანტები დღემდე შენარჩუნებულია.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე თეთრი სახლი, ალბათ, ყველას შეუმჩნევია და ცოტამ თუ იცის, რომ ადრე მის კედლებშიც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. ეკლესია სამოცდაათიან წლებში, თამარ მეფის დროინდელი ტაძრის ნანგრევებზე ააგეს. 1933 წელს კი საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს და ერთ-ერთი პირველი, ვინც ოჯახთან ერთად იქ შეასახლეს, კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე იყო.
მთავარანგელოზის ქუჩის 23 ნომერში მდებარე ეკლესიის შესახებ ცნობები მეთვრამეტე საუკუნიდან იძებნება. ტაძარი რამდენჯერმე განახლდა და საბოლოო სახე 1898 წელს მიიღო.
„ეს ეკლესია 1903 წელს გაიხსნა და 200 ადამიანზე იყო გათვლილი. როგორც ყველა ეკლესიას, მთავარანგელოზის ტაძარსაც ჰქონდა თავისი სამრევლო სკოლა, სასაფლაო და ა. შ. 1915 წელს შეტანილი იყო რუსულ ეკლესიათა ჩამონათვალში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ წირვა რუსულად ტარდებოდა. ასეთი რამ მაშინ საკმაოდ ხშირად ხდებოდა. როდესაც საქართველოს ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პატრიარქმა ლეონიდემ წინამძღვრად ქართველი დეკანოზი იაშვილი განაწესა. თუმცა მოგვიანებით ეკლესია კომუნისტებმა საერთოდ გააუქმეს და საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, იქაურობა ჯერ ქალაქის სასამართლოდ, მერე კი პოლიკლინიკად გადააკეთეს. ბოლოს დააშენეს ერთი სართული და გახდა საცხოვრებელი, სამსართულიანი სახლი“, — გვიყვება ზურა ბალანჩივაძე.
ჩუბინაშვილის 38 ნომერში, სადაც ახლა დაკეტილი სპორტდარბაზია, ადრე ეკლესია იყო. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა და რუსული მისიონერული ეკლესიის ფუნქცია მიენიჭა.
„რუსეთის იმპერიის სამხრეთში, ანუ კავკასიაში, მაშინ „დუხობორები“ და „მალაკნები“ გადმოსახლდნენ. მათი მისია სლავ მართლმადიდებლურ სექტაში ქრისტიანობის გავრცელება იყო და ეკლესიაც სწორედ ამ მიზნით აიგო. თუმცა, გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტებმა ტაძარი დახურეს და ფუნქცია რამდენჯერმე შეუცვალეს. ბოლო მონაცემებით, აქ საჭიდაო დარბაზი იყო. ახლა დაკეტილია, თუმცა შიგნით ჯერ კიდევ არის ტატამი“, — ამბობს ზურა ბალანჩივაძე.
ამ სტატიაში თავმოყრილია ის ეკლესიები, რომლებიც რუსებმა გადააკეთეს, თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თბილისსა და მის გარეთ მდებარე არაერთი ტაძარი და სასულიერო დანიშნულების შენობა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დაანგრიეს ან ფორმები და ფუნქციები შეუცვალეს. ამ პერიოდში დაიკარგა უამრავი ფრესკა, ორნამენტი, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი. ფაქტია, მაშინდელი სასტიკი რეჟიმის მიზანი არა მხოლოდ რწმენის, არამედ კულტურისა და მემკვიდრეობის განადგურებაც იყო.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300