1730213040

არქიტექტურისა და მენტალური ჯანმრთელობის კავშირი ფილმებსა და წიგნებში

დოგვილი

ავტორი

ნატა მეშველიანი

არქიტექტურასა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირი დიდი ხანია იწვევს რეჟისორებისა და მწერლების ინტერესს, თუმცა მაყურებელი ხშირად მას უგულებელყოფს და მეტ ყურადღებას აქცევს სიუჟეტის აშკარა ნაწილებს ან პერსონაჟთა განვითარებას. თუმცა ის გარემო, სადაც გმირები ცხოვრობენ, სძინავთ, საუბრობენ და თანაარსებობენ — იქნება ეს ცათამბჯენები, ლაბირინთული სახლები თუ მინიმალისტური ქალაქები — ხშირად გვევლინება მათი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილად. ფილმების არქიტექტურა სცდება უბრალო დეკორაციულ დანიშნულებას და ფსიქოლოგიური ბრძოლებისა თუ ემოციური ტურბულენტობის შესასწავლი ინსტრუმენტი ხდება. დღეს განვიხილავთ რამდენიმე საკულტო ფილმსა და წიგნს, რომლებშიც არქიტექტურა არა მხოლოდ ფონური დეკორაციაა, არამედ პერსონაჟების ფსიქიკის სარკეს წარმოადგენს.

სხვათა ცხოვრება (2006)

ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის ოსკაროსანი „სხვათა ცხოვრება“ არქიტექტურას იმისთვის იყენებს, რომ წარმოადგინოს მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის მუდმივი ზეწოლა და პარანოია. მოქმედება აღმოსავლეთ გერმანიაში, ცივი ომის დროს მიმდინარეობს. ნაცრისფერი, უტილიტარული საცხოვრებელი შენობები და შტაზის ოფისები ასახავს დიქტატორული რეჟიმის ზეწოლას ადამიანებზე.

ფილმი გვიყვება გერდ ვისლერზე, შტაზის ერთგულ ოფიცერზე, რომელსაც ევალება დრამატურგის, გეორგ დრაიმანისა და მისი საყვარლის ცხოვრებაზე დაკვირვება. ვისლერი უმეტეს დროს მოსაწყენ სათვალთვალო ოთახში ატარებს და წყვილის პირად საუბრებს ისმენს. გმირის სამუშაო გარემოს ცივი და მკაცრი არქიტექტურა ირეკლავს მის განცალკევებულობას ადამიანობისგან. ვისლერის ტრანსფორმაცია კი იწყება მაშინ, როდესაც ემოციური კავში უყალიბდება დაკვირვების ობიექტების მიმართ. ეს სიმბოლურადაა ნაჩვენები შტაზის უსახური გარემოსა და დრაიმანის თბილი საცხოვრებელი ბინის ერთმანეთთან შედარებით.

ფილმში არქიტექტურა არა მხოლოდ ფონის ელემენტია, არამედ აქტიურად ზემოქმედებს გმირების ფსიქიკაზე. აღმოსავლეთ ბერლინის მკაცრი, ავტორიტარული სტრუქტურები ისეთივე დეგრადაციას იწვევს ვისლერში, როგორც იმ მოქალაქეებში, რომლებსაც ის მეთვალყურეობს. მოკლედ, გმირების ჭიდილი, მათი მენტალური ჯანმრთელობა ბერლინის ცივი კედლების ექოებში ისმის.

ცათამბჯენი (2015)

ჯეი ჯი ბალარდის „ცათამბჯენი“, რომლის ეკრანიზაციაც ბენ უიტლის ეკუთვნის, კიდევ უფრო ცხადი და სასტიკი გამოხატულებაა იმისა, თუ როგორ უკავშირდება არქიტექტურა მენტალურ დაშლას. ცათამბჯენი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სახლი, ის წარმოადგენს ადამიანთა გონებაში არსებული წესრიგისა თუ ქაოსის მინიატიურულ მოდელს.

შენობა, თავდაპირველად, თანამედროვე პროგრესის სიმბოლოდ აღიქმება, თუმცა ის მალე იქცევა პრიმიტიული ინსტინქტების სცენად. მისი კლაუსტროფობიის გამომწვევი დერეფნები და ცივი ინტერიერი ნელ-ნელა პიროვნებათა მენტალურ არეულობას იწვევს.

ფოთლების სახლი (2000)

მარკ დანილევსკის „ფოთლების სახლი“ ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო რომანია და მასში მენტალური დაშლის სიმბოლოდ არქიტექტურის გამოყენება განსაკუთრებულად დრამატულ სახეს იღებს. წიგნი მოგვითხრობს ნავიდსონის ოჯახზე, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სახლში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ინტერიერი ექსტერიერზე ბევრად დიდია. ნაგებობას აქვს უსასრულო, ბნელი დერეფნები და კიბეები, რომლებიც არსად მიდის.

რომანის სტრუქტურა თავად სახლის არქიტექტურას ჰგავს. ტექსტი ფრაგმენტირებულია. გვხვდება ფურცლები, რომლებზეც მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა დატანილი, ბევრი გვერდი კი თავდაყირაა დაბეჭდილი. ტექსტის ფიზიკური განლაგება მკითხველს აიძულებს, წიგნში ფსიქოლოგიურ დონეზე ჩაერთოს. თავად სახლი კი იქცევა გონების მეტაფორად, სადაც უსასრულო სივრცეები არაცნობიერსა და მასში დამალულ შიშებს წარმოადგენს. პერსონაჟები, რომლებიც ამ ლაბირინთში შედიან, თანდათან კარგავენ რეალობის აღქმას და იწყებენ საკუთარ არაცნობიერში დაკარგვას.

დოგვილი (2003)

ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი“ არის უნიკალური კონცეპტის ფილმი, სადაც არქიტექტურა — ან მისი ნაკლებობა — მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფორმირებაში. ფილმში მოქმედება მიმდინარეობს პატარა ქალაქში, სადაც რეალური შენობების ნაცვლად ცარცით დახაზული ქუჩები და სახლები გვხვდება. ნაწარმოებში არქიტექტურის არარსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პერსონაჟების მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გრეისზე, მთავარ გმირზე. ცარცით დახაზული შენობების ბუტაფორია ქმნის ღია და დაუცველ გარემოს, რაც პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ზედმიწევნით შეესაბამება.

შემოდგომა (2006)

ტარსემ სინგის ,,შემოდგომა” არის შთამბეჭდავი ვიზუალური დღესასწაული, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ფსიქოლოგიური მოგზაურობის ფონად გრანდიოზულ, სიურრეალისტურ არქიტექტურას იყენებს. სიუჟეტი მონაცვლეობს საავადმყოფოს მწარე რეალობასა და მთავარი გმირის წარმოსახვის ფერად სამყაროებს შორის. როის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, სიუჟეტი კიდევ უფრო დამთრგუნველი ხდება, მაგრამ წარმოსახვითი არქიტექტურა გვევლინება რეალობისგან თავის დაღწევის მთავარ მექანიზმად.

საავადმყოფოს რეალური სამყარო მკვეთრი და კლაუსტროფობიურია, რაც სიმბოლოა იმ ფიზიკური და ემოციური ტკივილისა, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის, თუმცა წარმოსახვით სამყაროში, რომელსაც როი ქმნის, ყველაფერი გრანდიოზულია. ის სავსეა სიურრეალისტური პეიზაჟებით, ვიზუალურად მიმზიდველი ღირსშესანიშნაობებითა და ფანტასტიკური გმირებით.

ფილმებსა და ლიტერატურაში არქიტექტურა ხშირად სცილდება უბრალო დეკორაციულ ფუნქციას და პირდაპირ კავშირშია პერსონაჟების მენტალურ მდგომარეობასთან. ზოგჯერ კედლები, ოთახები და შენობები ისე ხმამაღლა „ლაპარაკობენ“, როგორც პერსონაჟები — იქნება ეს „სხვათა ცხოვრებაში“ ჩახშული, ნაცრისფერი კორპუსები, რომლებიც პარანოიასა და ზეწოლას განასახიერებს, „ცათამბჯენი“, რომლის ბინადრებიც ნელ-ნელა ფსიქიკურად იშლებიან თუ „ფოთლების სახლი“, რომლის უსასრულო დერეფნებშიც არაცნობიერი შიშები აქტიურდება.

როგორც ფრანგი ფილოსოფოსი, ნეორაციონალიზმის ფუძემდებელი, გასტონ ბაშლარი ამბობს, სახლი ოცნებას იცავს. მაგრამ როდესაც ნაგებობის სტრუქტურა თავად ხდება მენტალური დაძაბულობის ანარეკლი, ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ შენობებს პირდაპირი გავლენა მოახდინონ ჩვენს ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თანდათან ვხვდებით, რომ სახლი და გონება იდენტური ლაბირინთებია — ორივე სავსეა ერთი და იმავე საიდუმლოებით, შიშებითა და იმედებით.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები