1739195280

მიხეილ ჯავახიშვილის სახლი — დახვრეტილი მწერლის უკანასკნელი მისამართი

ჰედერი 1

ავტორი

მეკო მეტრეველი

ბერია აივნიდან ხედავდა ელბაქიძეზე ავლილ-ჩავლილ, მხრებში მოხრილ ხელჯოხიან მწერალს და მისი იერი მოსვენებას უკარგავდა, აღიზიანებდა, აინტერესებდა. ცეკას პირველი მდივანი მწერალს მეზობლურად ეპატიჟებოდა სახლშისადილად, სალაპარაკოდ. ერთხელ შეუთვალა, ორჯერ, სამჯერ... მწერალი მიპატიჟებას უყრუებდა... არ ვიცი, მართალია თუ არა დაპატიჟების ამბავი, მაგრამ ეგრე მომიყვა დედაჩემი უკვე წამოზრდილს, ისევ ნახევრად ჩურჩულით და უკვე მერე, როცა ჩურჩული სავალდებულო აღარ იყო, დაახლოებით იგივე წავიკითხე რომელიღაც გაზეთში",ვისაც არჩილ ქიქოძის რომანისამხრეთული სპილო" წაკითხული აქვს, შეუძლებელია ეს მონაკვეთი უყურადღებოდ ჩაიკითხოს ან უფრო მეტიცხატოვნად არ გააცოცხლოს სცენამონანიების" კადრიდან.

ყოფილი ელბაქიძის, დღევანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის 21 ნომერში მდგარი შენობის მემორიალურ დაფაზე ვკითხულობთამ სახლში 1913-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი, მიხეილ ჯავახიშვილი", იქამდე, სანამ საბჭოთა ტერორის პერიოდში, 1937 წლის 14 აგვისტოს, სიკვდილით დასჯიდნენ.

სახლი, სადაც მიხეილ ჯავახიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა 1900 წელს, გენერალ ყორღანოვის შეფმზარეულს, სიმონ გაბრიჩიძეს აუშენებია, რომლის მშენებლობაში თავად გენერალი დახმარებია. შენობა თავიდან ორი სართულისგან შედგებოდა, 1913 წელს კი მას მესამე სართულიც დააშენეს. სახლი საინტერესო იყო არქიტექტურული და ინჟინრული გადაწყვეტილებით. ციცაბო ფერდობზე აშენებული, ტრაპეციის ფორმის შენობა რელიეფს ზუსტად ერგებოდა და ურბანულ კონტექსტში ჰარმონიულად ეწერებოდა. საცხოვრებელი ისე იყო დაპროექტებული, რომ მიწისძვრისთვის ეფექტურად გაეძლო. ამასთან, სანიაღვრე არხები იმდენად სრულყოფილად იყო მოწყობილი, რომ ფერდობიდან წამოსულ წყლებს შენობა არ დაეტბორა და ნიაღვარი არ დაგუბებულიყო.

ცნობების თანახმად, სიმონ გაბრიჩიძეს სახლი ცნობილ თბილისელ კომერსანტებზე ჰქონდა გაქირავებული, მათ შორის თამბაქოს მწარმოებელ ძმებ სეილანოვებზეც. საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ სახლის მფლობელი სიმონ გაბრიჩიძე გარდაიცვალა, ოჯახს კი სახლი ჩამოართვეს.

მიხეილ ჯავახიშვილმა და მისმა მეუღლემ, ლუბა ჯაჭვაძემ, საცხოვრებლად აღნიშნული შენობა გადასახლებიდან დაბრუნების, რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ შეარჩიეს. წყვილი თავდაპირველად თბილისში სასტუმროში, შემდეგ კი ეკატერინე გაბაშვილის სახლში, ორ ოთახში ცხოვრობდა, თუმცა მალე ცოლ-ქმარმა ცალკე გადასვლა და ბინის ქირაობა გადაწყვიტა. 1913 წლიდან ისინი ელბაქიძის დაღმართზე მდებარე შენობაში, ოთხოთახიან ბინაში დასახლდნენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია მიხეილ ჯავახიშვილის სახლის პირდაპირ, ყოფილი ყორღანოვის, ახლანდელი ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდა და მისი აივანი მწერლის სახლს გადმოჰყურებდა. მიხეილ ჯავახიშვილის შვილის, ქეთევან ჯავახიშვილის მოგონებების მიხედვით, აივანზე მდგომი მიხეილ ჯავახიშვილი ბერიას დანახვისას სწრაფად ოთახში ბრუნდებოდა, რადგან მისი ხილვა არ სიამოვნებდა.

შეიძლება ითქვას, ბერიასთან პიროვნულ და იდეოლოგიურ დაპირისპირებას შეეწირა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, რომელიც აქტიური ლიტერატურული და სამოქალაქო საქმიანობისთვის რეჟიმმა სასტიკად დასაჯა.

მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1937 წლის 22 ივლისს, პროტესტის ნიშნად, პაოლო იაშვილმა მაშინდელი მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა, პოეტის საქციელი კი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შეირაცხა. ჯავახიშვილმა პაოლოს საქციელსა და გამბედაობას მხარი საჯაროდ დაუჭირა. რის შემდეგაც ოთხ დღეში ის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, პრეზიდიუმის სხდომაზე კი ჯაშუშად და დივერსანტად გამოაცხადეს. სისტემამ მწერლის კოლეგები და მეგობრები აიძულა მიხეილ ჯავახიშვილი კონტრრევოლუციონერ ტერორისტად მოენათლათ.

ხალხის მტრად" გამოცხადებული ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს ქვიშხეთში დააპატიმრეს, ბერიას თანდასწრებით აწამეს და ხელი აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს. მწერალი 30 სექტემბერს დახვრიტეს. ბოლშევიკებმა ელბაქიძის ბინა 13 აგვისტოს გაჩხრიკეს, პირად ნივთებსა და ავეჯს კონფისკაცია ჩაუტარეს და სახლი დალუქეს. მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახს ოთხი ოთახიდან მხოლოდ ერთში, 25 ²-ის შუშაბანდიან ოთახში მისცეს ცხოვრების უფლება. პოლიტიკური რეპრესიების შედეგად მწერლის ნივთების დიდი ნაწილი განადგურდა და მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯავახიშვილის საცხოვრებელში შეასახლეს შალვა რადიანი, კრიტიკოსი დალიტერატურული საქართველოს" რედაქტორი, რომელიც ჯავახიშვილის ბინაში 1955 წლამდე, მწერლის რეაბილიტაციამდე ცხოვრობდა.

წლების განმავლობაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხალხის მტრისა და ქვეყნის მოღალატის სახელს ატარებდა, მისი ნაწარმოებები კი მკაცრ ცენზურას განიცდიდა. რეაბილიტაციის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილს მოღალატის იარლიყი ჩამოშორდა და მისი ტექსტები თავიდან გამოქვეყნდა.

რაც შეეხება სახლს, ის ოჯახს 1954 წელს დაუბრუნდა, სადაც 1988 წელს, მინისტრთა საბჭოს დადგენილების თანახმად, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნა და მწერლის შემოქმედების ამსახველი მასალები განთავსდა. ძირითადი საარქივო მასალა კი მემკვიდრეთა საკუთრებაში დარჩა. მუზეუმში ასევე დაცულია მწერლის პირადი და მემორიალური ნივთები, უნიკალური საარქივო მასალა და ჩანაწერები. თავად შენობას 2007 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

წლები გაივლის და ისტორია შეაფასებს ადამიანებს, მათ ცხოვრებას და შემოქმედებას. დრო განსჯისგმირებს” დამტრებს", „სამშობლოს მოღალატეებსა" დაჯალათებს". საზოგადოება კი შესაბამისად დააფასებს ბრძოლის სწორ და არასწორ მხარეს მებრძოლ ჯარისკაცებს…

საფლავი არც მწერლისაა ცნობილი და არც მისი ჯალათის. ორი სახლი კი ისევ ერთმანეთის პირისპირ დგას, ოღონდ ბერიას სახლზე მემორიალური დაფა არ არის",არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო".

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები