1736162698
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
თბილისი, ახალგაზრდობის სასახლის თეთრი დარბაზი…
1918 წელი, 26 მაისი, 17:10 საათი…
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი და მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში...
სწორედ აქ, მაშინდელ გოლოვინის გამზირზე (ამჟამინდელი რუსთაველი) მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში დაიწერა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის პირველი ფურცელი. ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, აქვე აფრიალდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშაც.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მხოლოდ 3 წელი იარსება, თუმცა მაინც შეძლო ღირებული რეფორმების გატარება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კონსტიტუციაა, რომელიც ამავე შენობაში 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს.
იმდროინდელი მსოფლიოსთვის პროგრესულად მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციით გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამავდროულად გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები. პროგრესული იყო თავად დამფუძნებელი კრებაც, რამდენადაც მის არჩევასა და მუშაობაში მონაწილეობდნენ ქალები. ეს მხოლოდ სიტყვები რომ არ არის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დამფუძნებელ წევრებს შორის 5 ქალი იყო.
კონსტიტუციის მიღებიდან ერთი კვირის თავზე საქართველოს დამოუკიდებლობა დროებით დასრულდა. 25 თებერვალს თბილისში რუსეთის არმია შემოვიდა.
ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სასახლის კედლებს ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი ახსოვს. მე-19 საუკუნის დასაწყისში და მას შემდეგაც რუსი მთავარმართებლები შენობას საკუთარ გემოვნებასა და მოთხოვნებს არგებდნენ.
რენესანსული იერის თეთრ შენობას დღესაც გამორჩეული ადგილი უკავია თბილისის არქიტექტურაში, თუმცა აქამდე მან ხანგრძლივი გზა გაიარა. სასახლეს დანიშნულება და სახელი არაერთხელ შეეცვალა. არაერთხელ შეიცვალა 1802 წელს აშენებული შენობაც.
თავიდან ის მთავარმართებლის სახლი იყო, რომელიც 5 წელში ახალი ნაგებობით ჩანაცვლდა, 1818 წელს კი მთავარმართებლის ახალი სასახლე აშენდა. როგორც ისტორიული წყაროები იტყობინება, 1840-იან წლებში, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლე მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა ამპარტავნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და მათი რეზიდენცია უფრო მეტ ბრწყინვალებას მოითხოვდა.
ამ პერიოდში სასახლის იერსახე არქიტექტორ ნიკოლოზ სემიონოვის პროექტით სრულიად შეიცვალა. დამახასიათებელი იყო კლასიციზმის შესაფერისი სკულპტურები, რომელიც ახალი ხელისუფლების ძალას გამოხატავდა. გაშენდა ბაღი, ფანჩატური, შადრევნებიანი აუზი, სასახლის ბაღში შესვლა კი მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო დაშვებული.
სასახლის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია 1858-59 წლებში, შვედმა არქიტექტორმა, ოტო იაკობ სიმონიანმა დაიწყო და 1869 წელს სასახლემ საბოლოო სახე მიიღო. ამ პერიოდში კლასიცისტური ფასადი შეიცვალა რენესანსული ელემენტებით.
როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე ამბობს, სიმონიანმა გადააკეთა შენობა და ისეთი ფუნქცია მისცა, როგორიც მიხეილ ვორონცოვმა შეუკვეთა, კერძოდ, მარჯვენა მხარე იყო სტუმრებისთვის მისაღები, უფრო რეპრეზენტატული ნაწილი, მარცხენა მხარე კი — სამუშაო.
ნაგებობა შემაღლებულ ადგილზეა და ცოკოლზე (შენობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და წინ არის გამოწეული) დგას. ფასადი ჩიტაძის ქუჩაზე გადის, დაღმართის გამო მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას არათანაბარია. შენობის ცალკეული ბლოკები წინ არის წამოწეული და წარმოიქმნება რიზალიტები. რიზალიტებში პირველ სართულზე კარებია. მეორე სართულს ფრანგული აივანი ამშვენებს თავისი მოაჯირებით.
ერთი შეხედვით სადა და მოწესრიგებულ თეთრ სასახლეს პომპეზურობას მრგვალი კორინთული პილასტრები, რენესანსული თაღი და მთელ შენობაზე არსებული სარკმლები ანიჭებს. პირველ და მეორე სართულებს შორის განსხვავებულია ზედაპირი, თუმცა მათ ერთმანეთისგან კარნიზიც ყოფს. სასახლის უკანა ნაგებობა გაცილებით უფრო სადაა, აქ მართკუთხა სარკმლებს შორის დორიული ნახევარსვეტებია.
ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების მსგავსად, ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში კლასიცისტურთან ერთად გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობას შეიცავს.
სასახლის სამხრეთ ფასადი ბაღში მორკალულმარშიანი კიბე-აივნით გამოდის, რომელსაც რკინის სვეტები ერთვის. ბაღი უკვე პირველი რესპუბლიკის სახელს ატარებს. სამ ქუჩას შორის განლაგებულ ბაღში სხვადასხვა გამორჩეული და იშვიათი მცენარეებია. ბაღს რკინის ორნამენტულგისოსებიანი ჯებირი საზღვრავს. სკვერში ქვით მოპირკეთებული ბილიკებია. ცენტრში, წრიული გეგმის შადრევანია. სკვერში არის ლამპიონები, სკამები, საბავშვო საქანელები.
ეროვნული სასახლე იყო არა მხოლოდ საქართველოს მნიშვნელოვანი ღონისძიებების, არამედ მეზობელი ქვეყნების პოლიტ-ეკონომიკური თუ კულტურული ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მასპინძელი. მაგალითად, 1918 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა თბილისის ამ გამორჩეულ შენობაში იზეიმეს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
როგორც სასახლის ისტორიაში წერია, 1921 წლიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობა წართმეული ქვეყნის მთავარი შენობა მაინც არ კარგავდა ფუნქციას, სადაც ხან რევკომი, ხან კი ამიერკავკასიის ფედერალური მთავრობა მუშაობდა.
თუმცა 1937 წელს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სასახლე მოსწავლეთა აღზრდის ცენტრად გადაიქცა და პიონერთა სასახლე დაერქვა. მოეწყო კაბინეტები, ლაბორატორიები, სახელოსნოები, სპორტული და გასართობი დარბაზები. ძველი სამეჯლისო დარბაზი ბავშვთა თეატრალურ დარბაზად, მეფისნაცვლის დიდი სასადილო ოთახი და მდიდრული სალონი კი ცნობილ სარკეებიან და თეთრ დარბაზებად გადაკეთდა. მას შემდეგ ის ახალგაზრდებს ემსახურება და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახელს ატარებს.
ეროვნული სასახლის ისტორიამ თავად სასახლეშივე მოიყარა თავი და 2017 წლის 25 დეკემბერს დამთვალიერებლებისთვის სასახლის ისტორიული მუზეუმი გაიხსნა. 10 სამუზეუმო სივრცეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, არქიტექტორული ნახაზები, ანტიკვარული ავეჯი.
მუზეუმში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს მეფისნაცვლის დროინდელი ნივთები, სასახლის დაარსების დღიდან მიღებული ჯილდოები და საჩუქრები, ლადო გუდიაშვილის ესკიზის ასლები.