1735558020

რუსთაველის გამზირი, როგორც თავისუფლების მანიფესტი

ჰედერი

როცა რუსთაველის გამზირს ვახსენებთ, პირველ რიგში, თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლა გვახსენდება. ქალაქის ურბანისტულმა ლოგიკამაც ისე მოაწყო, რომ გამზირი თავისუფლების მოედნიდან იღებს სათავეს და სწორედ აქ, დიადი პოეტის სახელობის ქუჩაზე ყალიბდება და იცვლება საქართველოს ისტორია. უფრო მეტიც, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთი ფურცელიც კი წარმოუდგენელია რუსთაველის გამზირის გარეშე და დღესაც, რასაკვირველია, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავალი.

რუსთაველს ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიებენ, მაგრამ არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი შეიძლება ვუწოდოთ. აქ მდებარეობს ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-კულტურული დაწესებულებები — საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, მეცნიერებათა აკადემია, რუსთაველის თეატრი, საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, ქაშვეთის ტაძარი და ა. შ.

რუსთაველი ქალაქის ურბანული ცხოვრების გულისცემა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცოცხალი მემკვიდრეობაა. ეს გამზირი არაერთი ეპოქალური ცვლილებების მომსწრეა და დღესაც იმავე მნიშვნელობას ინარჩუნებს, რაც მუდამ ჰქონდა: იყოს კულტურის, პოლიტიკისა და საზოგადოების შეხვედრის მთავარი წერტილი.

რუსთაველის გამზირი, როგორც პროტესტის სივრცე

საგულისხმოა, რომ რუსთაველი თავისუფლებისთვის არაოფიციალურ „ბრძოლის ველად“ ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ჯერ კიდევ 1956 წელს სწორედ აქ დაიწყო სტუდენტებისა და ახალგაზრდების დემონსტრაციამ ქართველობის დაცვა. ყველაფერი მშრალ ხიდთან, სკვერში აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟის მცდელობით დაიწყო, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. რეალურად, აქციაზე შეკრებილი ხალხი არა თუ სტალინის კულტს, არამედ ქართველობას იცავდა, ვინაიდან საბჭოთა კავშირმა, ნიკიტა ხრუშჩოვის „დესტალინიზაციის“ კამპანიით დაიწყო ხაზგასმა, რომ ზოგადად ყველა ქართველი ცუდია…

პროტესტი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ყოველდღიურად სულ უფრო იზრდებოდა. უკვე 9 მარტს, საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაეშალა — შედეგად, თბილისში გამოგზავნეს საბჭოთა ჯარის დანაყოფები, რომლებმაც რუსთაველის გამზირი და სხვა მთავარი ადგილები დაიკავეს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირდაპირი ძალის, კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღებისა და ტანკების, გამოყენებამ ტრაგიკული შედეგები გამოიწვია. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა დღემდე სადავოა, თუმცა ვარაუდობენ, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშავდა.

თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი ტალღა 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში დაიწყო… რუსთაველის გამზირზე რეგულარულად ტარდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დემონსტრაციები. ეს იყო მასობრივი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებისთვის.

1988 წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციებმა, როგორებიც იყო „სახალხო ფრონტი“, „კონსტანტინეს საზოგადოება“ და „ეროვნული დამოუკიდებლობის ლიგა“, დაიწყეს მშვიდობიანი დემონსტრაციები. მთავარ მოთხოვნას ეროვნული დამოუკიდებლობა და საბჭოთა ოკუპაციის დასრულება წარმოადგენდა.

დროთა განმავლობაში პროტესტის მასშტაბი და ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რუსთაველის გამზირი კი ეროვნული მოძრაობის ცენტრად იქცა. პროტესტებმა პიკს მიაღწია 1989 წლის აპრილში, როდესაც ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს საბჭოთა კავშირის მიერ აფხაზეთში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერის წინააღმდეგ.

9 აპრილის ღამეს საბჭოთა ძალებმა ძალადობრივად დაშალეს დემონსტრაცია, რაც 21 ადამიანის დაღუპვით დასრულდა. სწორედ ეს მოვლენა მოგვევლინა საქართველოს ეროვნული მოძრაობის გარდამტეხ წერტილად და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლოდ. შედეგად, ამ ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობის სწრაფი ზრდა, რაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.

სამწუხაროდ, მოპოვებული თავისუფლებით ტკბობის ბედნიერება ჯერ ბოლომდე არ გვიგემია, რადგან დღესაც, 21-ე საუკუნეშიც გვიწევს ამ მონაპოვრის დაცვა და ყოველ ჯერზე ხელის ჩაბღაუჭება… 2003 წლის „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული, 2019 წელს „გავრილოვის ღამით გაგრძელებული, 2023-ის მარტის აქციებითა და დღევანდელი მიმდინარე პროტესტით გაგრძელებული, რუსული რეჟიმის კლანჭებისგან თავის დაღწევა კვლავ აქტიური პროცესია.

რუსთაველის გამზირის ისტორია იწყება ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. ვახუშტის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე ამ ადგილას აღნიშნული იყო „დიღმის გზა“. ეს გზა ქალაქის გალავნის კარიბჭესთან იწყებოდა და მის გასწვრივ — დღევანდელი რუსთაველის, თავისუფლების მოედნისა და ჭანტურიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე — მდებარეობდა გარეთუბნის დასახლება. აქვე იდგა არაგვის ერისთავის სასახლე და სამი ეკლესია: სომხური, კალოუბნისა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.

XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს, ეს გზა თანდათან გადაიქცა ქალაქის ცენტრალურ ქუჩად. 1802 წელს მის დასაწყისში აშენდა ადმინისტრაციული შენობა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომელიც მოგვიანებით რუსეთის მთავარსარდლის სასახლედ გადაკეთდა. ამ დროს გზას „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ უწოდებდნენ, რაც ხაზს უსვამდა იმპერიის პოლიტიკურ გავლენას ქალაქის განვითარებაზე.

1840-იან წლებში გზა ოფიციალურად გახდა გოლოვინის პროსპექტი კავკასიის მთავარმართებლის, ევგენი გოლოვინის, პატივსაცემად. ამ პერიოდიდან დაიწყო ქუჩის აქტიური კეთილმოწყობა: გაჩნდა ტროტუარები, გაშენდა ხეივნები და დამონტაჟდა წყალსადენი სისტემა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში პროსპექტზე აშენდა მრავალი მნიშვნელოვანი ნაგებობა: ეროვნული მუზეუმი, დიდების ტაძარი (ამჟამად ეროვნული გალერეა), სასტუმრო „მაჟესტიკი“ (დღევანდელი „თბილისი მერიოტი“) და რუსთაველის თეატრი. 1880-იანი წლებიდან აქვე გადიოდა ე. წ. „კონკა“, რომელიც მოგვიანებით ტრამვაიმ ჩაანაცვლა.

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. ეს იყო ეროვნული იდენტობის აღდგენის სიმბოლური აქტი, რომელიც ხაზს უსვამდა საქართველოს კულტურულ და ისტორიულ თვითმყოფადობას. ამ პერიოდიდან გამზირი კვლავაც აგრძელებდა ქალაქის საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ცენტრად ფუნქციონირებას.

საბჭოთა პერიოდში რუსთაველის გამზირი მნიშვნელოვნად შეიცვალა. აშენდა საბჭოთა არქიტექტურისთვის დამახასიათებელი მონუმენტური ნაგებობები, მათ შორის მთავრობის სახლი (დღევანდელი პარლამენტის შენობა) და კავშირგაბმულობის სახლი. ამასთანავე, განადგურდა XIX საუკუნის რამდენიმე ისტორიული ნაგებობაც. თუმცა პარალელურად, რუსთაველის გამზირი ქალაქის პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებების მთავარ არენად იქცა.

დღესაც რუსთაველის გამზირი თბილისის ურბანული ცხოვრების ეპიცენტრშია. აქ მდებარე დაწესებულებები, შენობები, კაფეები, რესტორნები და მაღაზიები იზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს. აქ მდებარე ეროვნული მუზეუმი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი და სხვა კულტურული დაწესებულებები ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

გარდა კულტურული ფუნქციებისა, გამზირი კვლავაც რჩება პოლიტიკური აქტივიზმის ცენტრალურ ადგილად. სწორედ აქ ტარდება საპროტესტო აქციები, მიტინგები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მნიშვნელობას. ამიტომაც, რუსთაველის გამზირი საქართველოს ისტორიისა და თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არა მხოლოდ წარსულის ხსოვნას ინახავს, არამედ მომავალს ქმნის.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები