1727874180

თბილისის მიშენებები

ჰედერი

ავტორი

ნატა მეშველიანი

იცოდით, რომ სიტყვა „მიშენებას“ ინგლისურ ენაზე ანალოგი არ აქვს? ჩვენთან ეს ტერმინი საჭიროების გამო დამკვიდრდა – სახელი უნდა გამოგვეძებნა ამ ახალი ფენომენისთვის, ასე სწრაფად რომ აითვისა თითქმის მთელმა თბილისმა. დიახ, მიშენებებს სხვა ვერცერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით. კომიკური და ბრუტალურია, ამიტომ სწორიცაა, რომ ამ პრობლემის სათავეს ზუსტად საბჭოთა კავშირში აღმოაჩენთ.

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსებზე არსებული მიშენებები არ არის ის თემა, რომელსაც მოქალაქეები პრობლემად განიხილავენ. ეს იმდენად ნორმალიზებულია, რომ დიდი კორპუსების დანახვისას რიგით ქართველს თვალში საერთოდაც არ მოხვდება გამობურცული, ამოლესილი, მიმაგრებული აივნები, ოთახები და მთლიანი სართულებიც კი. ეს გაფართოებები არა მხოლოდ არღვევს ურბანულ რეგულაციას, არამედ კრიტიკულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, საქართველოს მთავრობამ გაამკაცრა კანონები მშენებლობის რეგულირებისთვის, ეს ზომები ძირითადად ახალ პროექტებზეა ფოკუსირებული და უგულებელყოფს უფრო აქტუალურ პრობლემას: ადრე მიშენებულ უკანონო მოდიფიკაციებს.

პრობლემის სათავე არც ისე შორეულ წარსულშია საძებნელი. თბილისის საცხოვრებელი კორპუსების დიდი ნაწილი საბჭოთა პერიოდში აშენდა, განსაკუთრებით ხრუშჩოვისა და სტალინის მმართველობის დროს. მსგავსი შენობები იგებოდა სწრაფად, იაფად და მიზნად ისახავდა საბინაო პრობლემის დროებით გადაწყვეტას. ეს იყო საცხოვრებლები მუშათა კლასისთვის, რომლებიც მთელ დღეს სამსახურში ატარებდნენ. ამიტომაც ისინი სწრაფად აშენდა და ხანმოკლე მომავალი ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. თბილისის „ხრუშჩოვკებს“ კარგა ხანია ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველოს პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ ბევრ მცხოვრებსა და დეველოპერს მისცა საშუალება, უკანონო გაფართოებები დაემატებინათ ამ ისედაც სუსტი სტრუქტურებისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები ქაოსური პერიოდია საქართველოს ისტორიაში. ამიტომაც, თუ ოჯახს გაფართოება სჭირდება, ახალ სახლზე ფიქრის ნაცვლად უკვე არსებულს ამატებს ოთახს. მიუხედავად იმისა, რომ ასჯერ უფრო მეტად საშიში ხდება იქ ცხოვრება, მიუხედავად არაესთეტიკურობისა და დაუცველობის გრძნობისა, ფაქტია, ქართველებმა ახალნაპოვნი თავისუფლება სახლების დამახინჯებაში გამოიყენეს.

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, რა რისკებს შეიცავს მიშენებები:

მიწისძვრის საფრთხე

საბჭოთა ეპოქის კორპუსების კონსტრუქცია არ არის გათვლილი დამატებით დატვირთვაზე. გამაგრების გარეშე ეს სტრუქტურები ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ზუსტად ისევეა საშიშია, როგორც გამოიყურება. თბილისი ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ანუ მიწისძვრა ჩვენი

დედაქალაქისთვის უცხო მოვლენა არ არის, ასეთ შენობებში კი ზომიერმა სეისმურმა აქტივობამაც კი შეიძლება ნგრევა გამოიწვიოს. ექსპერტები შიშობენ, რომ ძლიერ მიწისძვრას ამ შენობების უმრავლესობა ვერ გაუძლებს.

ხანძრის საფრთხე

ამ უკანონო მშენებლობებს ხშირად არ გააჩნია სახანძრო გასასვლელები, სათანადო იზოლაცია ან პროფესიონალური ელექტროგაყვანილობა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ხანძრის ალბათობას, რადგან გაუმართავი გაყვანილობა და საგანგებო გასასვლელების არარსებობა ართულებს მცხოვრებლების დროულად ევაკუაციას. როგორც ცნობილია, თბილისის საცხოვრებელ კორპუსებში ხანძრების თითქმის 40% მიშენებებში ჩნდება.

ეკოლოგიური ასპექტები

ცუდი მშენებლობა იწვევს სანიტარიული ნორმების დარღვევას, მათ შორის არასათანადო ვენტილაციასა და ხშირად წყლის გაჟონვასაც. ცუდი ვენტილაციისა და წყლის თუნდაც უმნიშვნელო გაჟონვის შემთხვევაში ჩნდება ობი და ჯანმრთელობის დამაზიანებელი სხვა საფრთხეები, რამაც შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადების გავრცელებას შეუწყოს ხელი. მეტიც, ეს დაურეგულირებელი გაფართოებები კიდევ უფრო მეტად ტვირთავს ქალაქის უკვე პრობლემატურ ნარჩენების მართვის სისტემას.

მხოლოდ ჩვენს სიტყვას რომ არ ენდოთ, მიშენებების რისკსა და გადაჭრის ხერხებზე გავესაუბრეთ მამუკა სალუქვაძეს, განახლებული თბილისის გენერალური გეგმის ავტორსა და არქიტექტურის დოქტორს. „ასე ვამახინჯებთ ქალაქს, - ამბობს ის, – ეს არის მორიგი საბჭოთა ტრაგედია. ეს შენობები შენდებოდა კუსტარულად. არ ვიცით, რა მასალით, რომელი პროექტით, როგორ შეიკრა. თბილისი პრაქტიკულად დამახინჯებულია და არცერთმა მოსახლემ არ იცის, ხვალ რა ელოდება. რაც მთავარია, ხალხში არ არის მზაობა, რომ ეს ავარიული და საფრთხის შემცველი შენობები აღარ არსებობდეს. გაიხედეთ პეკინზე, ვაჟაზე, პლატოზე, მე გელაპარაკებით ქალაქის ცენტრზე. ეს ბაბილონის გოდოლია. მე გამოსავალს ინვენტარიზაციაში ვხედავ. ასეთი შენობები უნდა აღირიცხოს. ეს კი, პირველ რიგში, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა. მთავრობის მოვალეობაა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა“.

რას აკეთებს მთავრობა?

ორიათასიანი წლების ქაოსიდან გამოსვლა უკანონო მშენებლობების რეგულაციებით დაიწყო. მრავალსართულიან ბინაზე მიშენების აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში 2007 წელს შევიდა, შესაბამისად, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მხოლოდ ამ თარიღამდე მიშენებული ობიექტების ლეგალიზაციას ახდენს.

2009 წელს შეიცვალა დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. 2010 წელს გადაწყდა, რომ ყველა უკანონო ან ავარიული მიშენება დაექვემდებარებოდა დემონტაჟს, თუმცა, როგორც ჩანს, დაპირება დაპირებად დარჩა. 2018 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგულაციები გამკაცრდა და ჯარიმის მოცულობა ახლა 10000 ლარიდან 30000 ლარამდე მერყეობს. ჯარიმის სიდიდე დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა. კერძო საკუთრებაზე ფულადი სანქცია შედარებით მცირეა, მაშინ როცა სახელმწიფო ქონებაზე – უფრო მკაცრი. ასევე, განსხვავებულია უკანონო მშენებლობის სიმძიმე. მაგალითად, აივნის მიშენების შემთხვევაში ჯარიმა შედარებით დაბალი იქნება, ხოლო მთელი სართულის დაშენებისას – გაცილებით მაღალი. გარდა ჯარიმისა, მოქმედი რეგულაციების თანახმად, კანონდარღვევის შემთხვევაში დამრღვევს არა მხოლოდ დააკისრებენ ჯარიმას, არამედ თვითნებურად აშენებული ან მიშენებულ/დაშენებული კონსტრუქციებიც მყისვე დაექვემდებარება დემონტაჟს.

2021 წელს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რეგულაციების გამკაცრება დააანონსა. მისი თქმით, ფულადი ჯარიმები არალეგალური დაშენებებისა და მშენებლობების ტემპს ვერ ანელებდა, ამიტომაც კანონდამრღვევები ამიერიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

სამწუხაროდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია მხოლოდ 2007 წლის შემდეგ აშენებულ ნაგებობებზე მოქმედებს. როგორც უკვე ვთქვით, დაშენებების ბუმი საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დაიწყო და ორიათასიანებამდე გაგრძელდა. ამიტომაც უმრავლესობა ასეთი ავარიული შენობებისა დღეს ლეგალიზებულია. 2008 წელს გლდანში მსგავსი ნაგებობის მიშენებული ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ერთი წლის შემდეგ ნუცუბიძეზე ცხრასართულიანი კორპუსის მიშენებული ნაწილი დაინგრა. 2017 წელს, საერთოდაც, კულტურული მემკვიდრეობის სიაში შემავალ სასტუმრო „ინტურისტსაც“ კი ფასადზე ხის კონსტრუქცია არალეგალურად მიაშენეს. ეს მაგალითები საგანგაშოა, კარგად ჩანს საზოგადოებისა და მშენებლების დამოკიდებულება რეგულაციებისადმი.

საბოლოო ჯამში, საქართველოში უკანონო მიშენებები სერიოზული, ნორმად ქცეული ურბანული თავსატეხია, რომელიც, ისევე როგორც ჩვენი პრობლემების უმრავლესობა, ქვეყნის საბჭოთა წარსულში იღებს სათავეს. დღეს კი საჭიროა, რომ მოსახლეებმა გაიაზრონ რისკები, რომლებშიც ცხოვრობენ, რადგანაც პრობლემის გადაწყვეტის მეთოდები მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ადამიანები მათზე საუბარს დაიწყებენ.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები