1732711788

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერა 7

ავტორი

ბაკურ გაბუნია

„ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს“. — ეს ალექსანდრე დიუმას სიტყვებია, წიგნიდან ,,მოგზაურობა კავკასიაში“. ფრანგი კლასიკოსი თბილისს 1859 წელს ეწვია და ძალიან მოიხიბლა საქართველოს დედაქალაქით, მოსახლეობით, კულტურითა და ისტორიული ძეგლებით. ზემოთ მოყვანილი სიტყვები კი თბილისის ოპერის თეატრის დიუმასეული შეფასებაა, თუმცა აქ იგულისხმება არა ის ნაგებობა, რომელიც რუსთაველის გამზირს ამშვებს, არამედ 1851 წელს გახსნილი თეატრი, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (თავისუფლების მოედანი) რომ იდგა. ამიერკავკასიაში პირველი ოპერის გახსნა, გრანდიოზული მეჯლისით აღინიშნა. მალევე პარიზულ გაზეთშიც კი, სახელწოდებით „ილუსტრასიონი“, ედმონდ დე ბარესის ავტორობით დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია“.

მე-20 საუკუნის შუა წლებში თბილისში ოპერის მოყვარული საზოგადოების რიცხვი ელვისებური სისწრაფით იზრდებოდა, რასაც ხელი შეუწყო კავკასიის მთავარმმართებლის, მიხეილ ვორონცოვის სურვილმაც ხელოვნების აღნიშნული დარგი თბილისშიც განვითარებულიყო. 1845 წელს სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო და წარმოდგენები — ვოდევილები და კომედიები — კვირაში ორჯერ იმართებოდა. რასაკვირველია, დასს საკუთარი თეატრი სჭირდებოდა, ამიტომაც ვორონცოვის თაოსნობით, 1847 წელს, იტალიელმა არქიტექტორმა, ჯოვანი სკუდიერიმ ოპერის თეატრის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, ყველაფერი მარტივად არ მომხდარა, რადგან დასაწყისშივე ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა თავი. კერძოდ, მეფის ხაზინამ უარი განაცხადა თეატრის მშენებლობის დაფინანსებაზე. ვორონცოვმა გამოსავალი მაინც იპოვა და თბილისელ ვაჭართან, ვინმე თამარაშევთან მოახერხა შეთანხმების მიღწევა. თამარაშევს თეატრის მშენებლობისთვის საჭირო თანხა უნდა გამოეყო, თავად კი შენობის გარკვეული ნაწილი გადაეცემოდა საკუთარი საქმიანობისთვის.

რენესანსის სტილით აგებული თბილისის ოპერის თეატრი 800 მაყურებელს იტევდა და არქიტექტურული იერით ნამდვილად გამოირჩეოდა ევროპის თეატრებს შორის, რასაც ზემოთ მოყვანილი ციტატებიც მოწმობს. აქ ერთი მეორის მიყოლებით იდგმებოდა მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებები: „ლუჩია დი ლამერმური“, „ნორმა“, „სევილიელი დალაქი“. თბილისელ მსმენელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ იტალიელი კომპოზიტორები: ვინჩენცო ბელინი, გაეტანო დონიცეტი, ჯოაკინო როსინი, ჯუზეპე ვერდი. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიჰარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში შექმნილი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება თითქმის პარალელურად იდგმებოდა თბილისშიც, რამაც განაპირობა ის, რომ ოპერის თეატრი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად იქცა. თუმცა დადგა 1874 წლის 11 ოქტომბერი და ხანძარმა სრულიად გაანადგურა ჯოვანი სკუდიერის შედევრი. თეატრის შენობა დაიწვა. ხანძარს ვერ გადაურჩა ვერც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, რეკვიზიტები თუ სანოტო ბიბლიოთეკა. მოგვიანებით შენობის მხოლოდ ზედა ნაწილის აღდგენა მოხერხდა, სადაც ქარვასლა მდებარეობდა.

მომდევნო 22 წლის განმავლობაში ოპერის დასი ,,საზაფხულო თეატრის“ სცენაზე დგამდა სპექტაკლებს. 1896 წელს კი რუსთაველის გამზირზე, რომელსაც იმ დროს გოლოვინის პროსპექტი ერქვა, გაიხსნა გერმანელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული, 1200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრის შენობა, ახლაც რომ აკვირვებს მნახველს თავისი განსაკუთრებული იერსახით, რომლის პროტოტიპადაც რიჰარდ ვაგნერის ბაიროთის თეატრი იყო აღებული.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები გააჩნია — კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზები, მუშარაბიანი სარკმლები და ა. შ. ინტერიერს ამშვენებს ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტებისა და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი კონსტრუქციები. თუმცა პირვანდელი სახით ახალი თეატრიც ვერ შემორჩა, რადგან 1973 წელს გაჩენილმა ხანძარმა თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი.

ხანძრის შემდეგ თეატრი გადაკეთდა. შენარჩუნდა შენობის აღმოსავლური, ფსევდო-მავრიტანული სტილი და ულამაზესი წინა ფასადი. გვერდითა ფასადები კი განახლდა და ზოგ ადგილას ერთი სართული დაემატა. შეიცვალა და გაიზარდა სცენა, დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრში ამჟამად ექვსი სარეპეტიციო სივრცეა, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი კი ორკესტრისთვის. ფოიეში კი ორი ულამაზესი დარბაზი მდებარეობს — წითელი და სარკეებიანი, რომლებშიც კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვაა შესაძლებელი.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ბოლო მასშტაბური რეკონსტრუქცია 2010-დან 2015 წლამდე ჩაუტარდა. განახლდა მთავარი დარბაზი, დამხმარე ნაგებობები, ფლიგელები და გარე ტერიტორია. დაემატება ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები და სივრცეები. ამასთანავე, აღიჭურვა უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერული მართვის სისტემით.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები