1733836140
ახალ წლამდე სამიოდე კვირა რჩება... მაგრამ არავის „ეახალწლება“. თბილისის მთავარ მოედანზე, იქ, სადაც ხალხი ევროინტეგრაციის რელსებიდან გადახვევას 11 დღეზე მეტია აპროტესტებს, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ადგილი აღარ არის, თუმცა... პარლამენტის წინ მისი მონტაჟი 8 დეკემბრის აქციის დასრულებიდან 2 საათში დაიწყო.
მიმდინარე აქციების პირობებში, წინასწარ ვერავინ იტყვის მერია შობა-ახალი წლისთვის დაგეგმილი რა ღონისძიებების გამართვას შეძლებს, თუმცა თბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხის მოცულობა წლიდან წლამდე მზარდია, წელს კი მაჩვენებელი რეკორდულია და ის 8.5 მლნ ლარს აღემატება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ეს თანხა მოიცავს საშობაო სოფლის მოწყობას, საახალწლო დეკორაციებსა და განათებებს, მომღერლების ჰონორარებს, გასართობ შოუს და სხვა მომსახურებას და მის შეძენას თბილისის მერია გამარტივებული გზით გეგმავს.
გამარტივებული შესყიდვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ ეჭვებს წლებია აჩენს. არასამთავრობო ორგანიზაცია საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების კვლევას თითქმის ყოველწლიურად აქვეყნებს. ასე მოხდა 2020 წელსაც. კვლევაში ნათქვამია: "საქართველოში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მით უმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული".
სხვადასხვა პერიოდში შობა-ახალი წლის ღონისძიებების გამართვაზე მერიამ მილიონობით ლარი დახარჯა, ხან გრანდიოზული განათებები გვინდა, ხან გრანდიოზული ნაძვის ხე, ესთეტიურად დახვეწილი, ხან წინა წლის დამწვარი ნაძვის ხის განახლება... მაგალითად, 2019 წელი — 5.3 მლნ. ლარი, 2020 წელი — 6.6 მლნ. ლარი, 2021 წელი — 2 მლნ. ლარი, 2022 წელი — 3.6 მლნ. ლარი, 2023 წელი — 5 მლნ. ლარი (მონაცემები ეყრდნობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებს).
საახალწლოდ დახარჯული თანხების ანალიზი არაერთხელ გამოაქვეყნა მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში თბილისის მიერ საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯული თანხის მოცულობა სხვადასხვა ქალაქის მიერ დახარჯულ თანხას შეადარა. კვლევაში ნათქვამია, რომ ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის ბიუჯეტი 4.8 მილიარდი ევროა, თბილისის კი დაახლოებით 360 მილიონი ევროს ეკვივალენტი, თუმცა თბილისი ახალ წელს 4.8 მილიონ ლარს ხარჯავს, ჰელსინკი კი მილიონი ლარის ეკვივალენტს. შესაძლოა, ვინმეს კითხვა გაუჩნდეს თბილისის ჰელნისკთან შედარებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ორგანიზაცია განმარტავს, მათი შედარება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოხდა.
ახალ წელთან შესახვედრად მთელი მსოფლიო ემზადება და ყველა ქალაქი თავისებურად, მრავალფეროვანი განათებებით, ფეიერვერკებით, ტრადიციული ნაძვის ხით, საახალწლო ბაზრობებით და სხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციული განმარტებით, ეს მნიშნელოვანია ქალაქის მოსახლეობისთვის, ქალაქის იმიჯის შესაქმნელად და ტურისტების მოსაზიდად. საახალწლო ღონისძიებებზე გაღებული თანხის მოცულობა დამოკიდებულია ქალაქების ბიუჯეტზე, მოსახლეობის საჭიროებებზე, ტრადიციებსა და ღონისძიებების მასშტაბებზე. 2 კვირაში გადახდილი სოლიდური თანხით გაცილებით უფრო მეტი სოციალური პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, რადგან ამ „ინვესტიციას“ უკუგება არ აქვს გარდა მოკლევადიანი სიამოვნებისა და ალტერნატივების მოძებნაც, ალბათ, შესაძლებელია.
ბევრი ქალაქის არჩევანი აჩვენებს, რომ საახალწლო აქსესუარებსა და დეკორაციებს, განათებებსა და ნაძვის ხეს ყოველწლიურად არ ყიდულობენ. ასეთია ვილნიუსი. ლიეტუვის დედაქალაქის მაგალითის მიხედვით, საშობაო დეკორაციების შესაძენად ტენდერი სამ წელიწადში ერთხელ ცხადდება და შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტი ფორმდება. ჩეხეთის დედაქალაქმა კი, მაგალითად, 2023 წელს, საშობაო ნაძვის ხესა და დეკორაციებზე დახარჯული თანხის მოცულობა შეამცირა.
ფეიერვერკებსა და საახალწლო ღონისძიებებში სოლიდური თანხის დახარჯვა გაუმართლებლად მხოლოდ საქართველოში არ მიიჩნევა. საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წელს სიდნეიში საახალწლო ფეიერვერკებზე გაღებული 6 მლნ. დოლარი, რის გამოც ქალაქის მთავრობამ საზოგადოებისა და მედიის კრიტიკაც დაიმსახურა. ამ შემთხვევაში ავტორი წერს, რომ 6 მლნ. დოლარი ზუსტად 12 წუთში ფეიერვერკების კვამლში გაიფლანგა.
ახალი წელი განახლებას უკავშირდება და მას მსოფლიო დიდი იმედით ხვდება — თავისი ტრადიციებით და კულტურულ-რელიგიური თავისებურებებით. მის აღნიშვნას დიდი ისტორია აქვს და სათავეს უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს, თუმცა თარიღი და მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა.
ის ჯერ კიდევ ძვ. წ.-მდე 2000 წელს, მესოპოტამიაში მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაზაფხულის ბუნიობას, პირველი მთვარის შემდეგ აღინიშნებოდა. მესოპოტამიური დღესასწაული — სახელად აკიტუ — მთელ რიგ რიტუალებს მოიცავდა და დაკავშირებული იყო ბაბილონის ღვთაება მარდუქის კულტთან. ის სიმბოლურად სამყაროს განწმენდას და ღმერთის ხელახლა დაბადებას აღნიშნავდა (ზოგიერთი ისტორიკოსი რიტუალის ნაწილს პოლიტიკურ ახსნასაც უძებნის, როგორც ხალხზე მეფის ძალაუფლების დადასტურებას).
ძველ რომშიც ახალი წელი თავდაპირველად გაზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა, თუმცა მოგვიანებით ის იანვრით შეიცვალა, ამ თვეს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და რომალური მითოლოგიის ღვთაებას, იანუსს (მისი სახელიდან მომდინარეობს თვე იანვარი) უკავშირდება. დროის, შესასვლელ-გასასვლელის, დასაწყისისა და დასასრულის ორსახიანი ღვთაება ერთი თავით წარსულში, მეორეთი კი მომავალში იყურება.
ჰოდა, თუ უკან მოვიხედავთ, ახალი წლის წინა დღეებში, თბილისის მთავარ მოედანზე მიმდინარე აქციებზე 10 დღის განმავლობაში ნაცემები და დაზარალებულები არიან აქციის მონაწილეები, დაკავებულია 500-მდე აქტივისტი, დაწყებულია ათეულობით საქმე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი მუხლებით.