1752598080

წინასწარ გამოცხადებული ჩამონგრევების ქრონიკა

ჰედერ

ავტორი

ბაკურ გაბუნია

ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, მაგრამ უკვე მერამდენედ გადაბრუნდა ურემი, გზის გამოჩენას კი საშველი მაინც არ დაადგა. ოდნავ შორიდან დავიწყოთ… ურბან მედია უკვე დიდი ხანია წერს თბილისის ავარიული სახლების პრობლემატიკის შესახებ, ვესაუბრებით დარგის გამოცდილ სპეციალისტებს და მკითხველს არსებული პრობლემის გადაჭრის გზებსაც ვთავაზობთ. თბილისში ძალიან ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც ზედმიწევნით იცნობს ქალაქის შენობების თითოეულ ბზარს და შესაბამის უწყებებთანაც მჭიდრო კომუნიკაცია აქვს, თუმცა ხშირად პროფესიონალების აზრი, შეფასება და გამოსავლის საპოვნელად გაცემული რჩევები რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ოფიციალური მონაცემებით თბილისში 10 000 ავარიული შენობაა, რომლებიც დამოკლეს მახვილივით არის ჩამოკიდებული მოსახლეობის თავზე და თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დიახ, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობას ემუქრება, რადგან სადგურის მოედანთან დატრიალებულმა ტრაგედიამ ნათლად დაგვანახვა, რომ ჩამონგრეული ბეტონი ერთმანეთისგან არ არჩევს სახლის მაცხოვრებელსა თუ უბრალო გამვლელს. უფრო შორს რომ გავიხედოთ, არა მარტო ავარიული სახლები წარმოადგენს საფრთხეს, არამედ შენობები, რომლებიც ავარიულის სტატუსს არ ატარებენ, მაგრამ მათი ფასადები (იხ. სტატია - მკვლელი ფასადები) იმდენად მყიფეა, რომ დროდადრო ტროტუარებზე ცვივა. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია საბჭოთა პერიოდისა თუ უფრო ადრინდელი არქიტექტურული ნაგებობები, რომელთა მოვლასა და დაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა. თუმცა თანამედროვე შენობებიც არანაკლებ გამოირჩევა ამ კუთხით.

ხშირად, არასწორად შესრულებული სამუშაოების შედეგად, ფასადი მალევე გამოდის წყობიდან, იბზარება და თანდათან ჩამოცვენას იწყებს. სხვადასხვა დროს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციების მიხედვით, თვალშისაცემია ფასადების ჩამოშლის სიხშირე. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

  • 2020 წელს, თბილისში, მეტეხის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა;

  • აღმაშენებლის 123 ნომერში შენობის ფასადი ჩამოინგრა და გოგოს დაეცა;

  • 2020 წელს, ატენის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებისას შენობის ფასადი ჩამოინგრა. ფასადიდან ენერგოეფექტური ფენის შლა 17 სართულიდან დაიწყო და რამდენიმე სართულის დამცავი ფენა ჩაიყოლა. შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია;

  • 2018 წელს, კოსტავას ქუჩაზე, შენობის ფასადი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა;

  • 2023 წელს, კახეთის გზატკეცილზე, კორპუსის ფასადი ჩამოვარდა ეზოში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ;

  • 2024 წელს, ვაზისუბანში, კორპუსის ფასადი მოწყდა და ავტომობილს დაეცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა;

  • 2017 წელს, რუსთაველის 12 ნომერში, შენობის ფასადი ჩამოიშალა. ტერიტორია პოლიციას ლენტით აქვს შემოსაზღვრული;

  • დიდი ხნის განმავლობაში რუსთაველის N50-ში მდებარე სახლის ფასადი იშლებოდა და ტროტუარზე იყრებოდა, რაც დიდ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.

როდესაც თბილისური კორპუსების შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ურბან მედიას არც ქალაქის ლიფტების სავალალო მდგომარეობა დაუტოვებია ყურადღების მიღმა. გაუმართავ ლიფტებში, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ტრაგედიის მიზეზი, ყოველდღიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე კიდია გასაწყვეტად განწირულ ძაფზე. ლიფტის მექანიზმი ძალიან კომპლექსური სისტემაა, რომელიც მუდმივ მონიტორინგსა და ტექნიკურ განახლებას საჭიროებს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ, არასწორი მოვლის, დაუდევრობის ან ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, ლიფტი ზიანდება და სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. შედეგად თანამედროვე ტექნოლოგია, კომფორტის სიმბოლოდ რომ მიიჩნევა, უეცარ საფრთხედ გადაიქცევა, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

დედაქალაქში დაახლოებით 15 000 ლიფტი მოძრაობს, რომელთაგან დღეს მხოლოდ 10%-ია სრულიად გამართული. ძველი კორპუსების ლიფტების აბსოლუტური უმრავლესობის შესახებ კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება, შეესაბამება თუ არა თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების თუნდაც ელემენტარულ მოთხოვნებს. რაც დრო გადის, სულ უფრო საშიში ხდება ამ კორპუსებში ლიფტით მგზავრობა, მაგრამ საფრთხეს მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ გავიგებთ. ყველა უბანში და თითქმის ყველა კორპუსში ერთი ამორტიზებული ლიფტი მაინც „ემსახურება“ მოსახლეობას. საქმე ის არის, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა. ერთი სიტყვით, ქალაქი სავსეა „მკვლელი ლიფტებით“.

ავარიული სახლის სტატუსი არ აქვთ, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში დამკვიდრებული მიშენებები (იხ. სტატია - თბილისის მიშენებები), არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. საბჭოთა ეპოქის კორპუსების კონსტრუქცია არ არის გათვლილი დამატებით დატვირთვაზე. გამაგრების გარეშე ეს სტრუქტურები ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ზუსტად ისევეა საშიში, როგორც გამოიყურება. ასეთ შენობებში ზომიერმა სეისმურმა აქტივობამაც კი შეიძლება ნგრევა გამოიწვიოს. ექსპერტები შიშობენ, რომ ძლიერ მიწისძვრას ამ შენობების უმრავლესობა ვერ გაუძლებს. არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს: ,,90-იან წლებში, როდესაც მთელი ქვეყანა მოირღვა, დაიწყეს მიშენებები, დაშენებები, ფანჯრის გამოჭრები. სახლი ერთიანი ორგანიზმია და ფანჯრის გამოჭრა მის კონსტრუქციულ რღვევას იწვევს. ეს უსისტემო მიშენებები კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორივე შესრულებული, ძველი და ახალი სხვადასხვა მასალისგან შედგება, ანუ მათი სეისმომედეგობა, მათი აბსოლუტურად ყველა მონაცემი სხვადასხვაა, ნგრევის პროცესი (ავარიულობის პროცესი) განსხვავებულია და მიწისძვრაზე ძირითადი ნაგებობა სხვანაირად რეაგირებს, ხოლო მიშენება — სხვანაირად. აქედან გამომდინარე, ეს შენობები, უკლებლივ ყველა, არის ავარიული“.

მივუბრუნდეთ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას. სიმართლე ითქვას, ავარიული სახლები არის რეალობა, რომელიც მრავალი ათწლეულია ქალაქს მემკვიდრეობად მოჰყვება. თბილისის მუნიციპალიტეტმა კი 2021 წელს დაიწყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ავარიული ნაგებობების დემონტაჟი და მათ ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობების მშენებლობა.

პროგრამის ძირითადი პრინციპებია:

  • მოსახლეობისთვის საცხოვრებლის შეთავაზება მათი საკუთრების მოცულობის შესაბამისად;

  • უსაფრთხოების თანამედროვე ნორმების დაცვა;

  • დემონტაჟის ხარჯების სრულად დაფარვა მუნიციპალიტეტის მიერ;

  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა პროექტის დასრულებამდე.

პრობლემები, რომლებიც გადაჭრის პროცესს აფერხებს:

  • მოსახლეობის თანხმობის მიღება – მრავალი შენობა ერთზე მეტ მეპატრონეს ეკუთვნის, რის გამოც ძველი სახლის დანგრევის პროცესში ყველა ბინათმფლობელის თანხმობა აუცილებელია. ზოგიერთ შემთხვევაში მესაკუთრეთა შეთანხმება შეუძლებელია და პროცესი წლების განმავლობაში ჭიანურდება.

  • ფინანსური სირთულეები – სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტისთვის ასეთი მასშტაბური პროექტები დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც სერიოზულ გამოწვევად რჩება.

  • სამშენებლო კომპანიების დაინტერესება – ყველა პროექტი მოგებიანი არ არის კერძო ინვესტორებისთვის, ამიტომ მშენებლების მოზიდვა რთულდება.

ავარიულობის კატეგორიები კი ასე გამოიყურება:

  • I–II კატეგორია — ნაკლებად სახიფათო მდგომარეობა;

  • III კატეგორია — მნიშვნელოვანი დაზიანება;

  • IV კატეგორია — აღარ ექვემდებარება გამაგრებას;

  • V კატეგორია — ფაქტობრივად დანგრეული მდგომარეობა.

ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია შენობა მიეკუთვნებოდეს III, IV ან V კატეგორიას.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სახლი, ავარიულობის კუთხით, III კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ ჩანაცვლების პროგრამაში არის ჩართული. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე მოსახლესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა და პროგრამის შესრულება გაჭიანურდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტს მაინც ჰქონდა შენობის მოსახლეობისგან დაცლის უფლება, თუმცა ქალაქის მერი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: „როცა 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო, ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ და მხოლოდ რიგ შემთხვევებს. კერძოდ იქ, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა ან ურბანულად არის პრობლემური. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო, გვქონდეს მომართვა და 100%-იანი თანხმობა იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა პროექტის შემუშავებაზე, თუმცა, მოსახლეობის გამოყვანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება 100%-იანი თანხმობა, რადგან საუბარია საკუთრების უფლებაზე, რაც განსაზღვრულია კანონით“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

თუმცა, კანონი თუ ვერ იძლევა ადამიანების სიცოცხლის დაცვის უფლებას, ალბათ, კანონის გადახედვა არის სავალდებულო:

„ეს კანონმდებლობის დონეზე უნდა მოგვარდეს. როდესაც ერთი ოჯახი ხელს უშლის ავარიული კორპუსის დემონტაჟს, ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად შესაბამისი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. აქ არის მეორე საკითხიც, ამ ტერიტორიაზე თავისუფლად არის შესაძლებელი 70-სართულიანი კორპუსის აგებაც, ამიტომაც, სწორი მოლაპარაკებებით, სათანადო ხელშეკრულებებითა და პროექტირებით შესაძლებელია ამ ავარიულ სახლში მცხოვრები ადამიანების სრულად დაკმაყოფილება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივი ინვენტარიზაცია და როგორც ავტომობილს, რომელიც ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გადის გადაადგილებას უკრძალავენ, ასევე უნდა მოხდეს ლიფტებისა და საშიში ავარიული სახლების დალუქვა. ერთი სიტყვით, არაპოპულარული გადაწყვეტილებებია მისაღები. როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ“, — განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვაა, თუ რატომ არ იყო ტერიტორია შემოღობილი? ამაზე პასუხად, თბილისის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავარიულობის მე-3 კატეგორია არ ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას. აქ, ალბათ, შეფასების კრიტერიუმების გადახედვაც უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ ნაგებობის ნაწილი ჩამოიშალა და ტროტუარზე მდგარი ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. რასთან გვაქვს საქმე — გულგრილ დამოკიდებულებასთან, შეფასების კრიტერიუმების რეალობასთან შეუსაბამობასთან თუ თავს ისევ არაპროფესიონალიზმი იჩენს?

მსგავსი სიახლეები

ჰედერი

ავარიული სახლების ქალაქი

1741788660

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები